სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა "სამხრეთ კავკასიის რკინიგზას" (რუსეთის რკინიგზის შვილობილი კომპანია) დაავალა სასწრაფოდ აღადგინოს სასაზღვრო რკინიგზის მონაკვეთები თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.
ადგილობრივი მედიის თანახმად, ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სომხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, ბრძანება ეხება იერასხიდან აზერბაიჯანის (ნახჭევანის) საზღვრამდე მონაკვეთს, ასევე ახურიკიდან თურქეთის საზღვრამდე მონაკვეთს.
„მომავალში, სავარაუდოდ, მსგავს საკითხს დავაყენებ იჯევან-ყაზახის მონაკვეთთან დაკავშირებით, რადგან მისი სწრაფი აღდგენაა საჭირო“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ რუსი პარტნიორები ამ ბრძანების აღსრულებას რაც შეიძლება მალე დაიწყებენ.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე დაავალა ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს, შეისწავლოს ზემოთ აღნიშნული სადგურების ტერიტორიაზე თავისუფალი მიწის ხელმისაწვდომობა ტერმინალებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების შესაძლო მშენებლობისთვის.




























