კომპანია „იელთი ჯგუფიში“ ფიქრობენ, რომ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს ფასის ზრდის მნიშვნელოვანი რესურსი აქვს. კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ მომდევნო წლებში საშუალო ფასის მინიმუმ 50%-ით გაზრდაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დღეს არსებულ სურათს, კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთხოვნის შესუსტების მიუხედავად, ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკები არ არის, მიმდინარე პროცესები კი ფასის კლებას არ გამოიწვევს.
„მე არ ვთვლი, რომ ფასი შემცირდება. ფიზიკურად ლუფტი არ არსებობს, რომც მოინდომონ კერძო დეველოპერებმა, ვერ შეძლებენ. ამ მომენტისთვის ბაზარი დივერსიფიცირებულია. რამდენიმე დიდი დეველოპერი აწვდის პროდუქტის დიდ წილს. მცირე ზომის კომპანიებს სხვა ტიპის გამოწვევები დაუდგებათ, თუმცა კვლევები იქმნება ამ სისტემური დეველოპელური კომპანიების ანალიზზე და მე არ ვთვლი, რომ მიწოდება იმდენად გადაჭარბებულია, რომ ამან ფასზე იმოქმედოს. როგორც კი ოდნავი მიწოდების გადაჭარბება შევამჩნიეთ, შევცვალეთ პროდუქტი და მოვერგეთ მოთხოვნას.
რაც შეეხება ფასის ზრდას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად განვვითარდებით, რა შეიცვლება უნიკალური გაყიდვის წინადადებაში. თუ ქალაქის საშუალო ფასს განვიხილავთ, აქ ზრდის დიდი რესურსია, უბრალოდ ბათუმი ძალიან განსხვავებულია ფასების მხრივ, ვარიაცია უბნების და პროდუქტების ჭრილში საკმაოდ დიდია. საშუალო ფასის განხილვისას დიდი რესურსია, ეს არის მინიმუმ 50%-იანი ზრდა, თუმცა ბათუმში არის პროდუქტები, რომელიც გაძვირებული ფასით მიეწოდება ბაზარს.
მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ცხადია, ხელს არ უწყობს განვითარებას, ხელის შემშლელია. ევროპულ ბაზრებზე ამან გაართულა ჩვენი საქმიანობა, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ დივერსიფიკაციას.“ - აღნიშნა ვალერი გურგენიძემ.