„იელთი ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, მამუკა მახარაძის განცხადებით, უძრავი ქონების ბაზარზე უცხოური კაპიტალის მოსაზიდად მხოლოდ დაბალი ფასი საკმარისი აღარ არის. მისი თქმით, დეველოპერებმა აქცენტი დასაბუთებულ ბიზნეს-მოდელზე, ფინანსურ დისციპლინასა და მშენებლობის დასრულების შემდგომ მართვაზე უნდა გააკეთონ.
მახარაძე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ინვესტორი გადაწყვეტილებას მხოლოდ კვადრატული მეტრის ფასის გამო არ იღებს და განმსაზღვრელი რეალური, გაზომვადი ციფრებია, იქნება ეს პირადი სარგებლობისთვის, გადაყიდვისთვის თუ გაქირავებისთვის.
მისი შეფასებით, პროექტის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბრენდებთან, მაგალითად, Occidental, Royal Hideaway, Barceló და Wyndham-თან თანამშრომლობა, თუმცა მხოლოდ ლოგო ღირებულებას ავტომატურად არ ქმნის. გადამწყვეტი სწორი ადგილობრივი დეველოპერი, ხარისხის სტანდარტი და ოპერირების გამოცდილებაა.
ბათუმის გამოცდილებაზე საუბრისას მახარაძემ აღნიშნა, რომ ჭარბი მიწოდებისა და სეზონურობის პირობებში მთავარი გაკვეთილი დეველოპერის მშენებლობის შემდეგ მართვაში დარჩენაა. მისი თქმით, არსებობს მართვის ორი მიმართულება, - უძრავი ქონების როგორც ფინანსური აქტივის და როგორც ინფრასტრუქტურის მართვა.
„ლონდონში მყოფ მყიდველს ნამდვილად აწუხებს, თუ ვინ მოუვლის მის აპარტამენტებს, მის ქონებას და აქ არ უნდა შევთავაზოთ, რომ „მოდი ამხანაგობა შევქმნათ და თითო ლარი შევაგროვოთ“, ხომ? რაღაც სწორ მართვაზეა საუბარი და უბრალოდ დალაგებაზე არ ვსაუბრობ, გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალზეა. ეს მიდგომა მიზანშეწონილია თბილისშიც გადმოვიდეს, რომელიც ოთხივე სეზონის ქალაქია და განათლებას, კულტურას, მედიცინასა და ტურიზმს აერთიანებს.“ - განაცხადა მახარაძემ უძრავი ქონების კონფერენცია GREMO-ზე.
























