მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფასს განაპირობებს უამრავი ფაქტორი, რაც ეკონომიკის სამინისტროს არ უხსენებია - მიხეილ კუკავა

მიხეილ კუკავა

Stemscale Georgia-ს მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი, მიხეილ კუკავა მიიჩნევს, რომ პროცესი, რომელიც სურსათის ფასებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, ლოგიკური არ არის.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, ფასს განაპირობებს უამრავი ფაქტორი, რაც ეკონომიკის სამინისტროს არ უხსენებია.

"ჩვენთან ადგილობრივ პროდუქციაზე ფასებს განაპირობებს პირველ რიგში ის, რომ ერთეულის ღირებულება არის გაცილებით მაღალი, ვიდრე ევროკავშირში ან ამერიკაში. როდესაც აწარმოებ პატარა ბაზრისთვის და აწარმოებ ვთქვათ 1000 ერთეულს და ევროპაში აწარმოებენ იმავე პროდუქტს, ვთქვათ, 100 000-ს, წარმოიდგინეთ რამდენად გეზრდება ხარჯი, როცა 1000-ს აწარმოებ. ეს ყველამ იცის, ამას არ უნდა ეკონომისტობა და ბიზნესმენობა, რომ მიხვდე, რაც უფრო მეტს აწარმოებ და როცა 1000-ჯერ და მილიონჯერ მეტს აწარმოებ - გიმცირდება ერთეულის ფასი და როცა ნაკლებს - გეზრდება.

რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას, აქ არის უამრავი ფაქტორი გასათვალისწინებელი, რაზეც არავინ არ ფიქრობს. საერთოდ არსად არავის არ უთქვამს, რომ ეს არის ის ფაქტორები, რაც შეიძლება ზრდიდეს ფასს და მოდი ვნახოთ აბა, იქნებ ეს განაპირობებს ამ ფასის ზრდას. და საერთოდ, საგამოძიებო უწყებებს რა საქმე აქვთ ამ ბიზნესთან? მესმის, რომ ვთქვათ ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა შეხედოს, ხომ არ არის კარტელური გარიგებები.

საპროცენტო განაკვეთები, რომელიც გაცილებით მაღალია საქართველოში, ვიდრე ევროპაში, ესეც მოქმედებს ფასზე",- ამბობს მიხეილ კუკავა.

მისივე თქმით, შესაბამის კომისიაში ეროვნული ბანკიც უნდა იყოს ჩართული.

"ეროვნული ბანკი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კანონით სხვა არაფერზე არ არის პასუხისმგებელი - ფასების სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი. როგორ შეიძლება ეროვნული ბანკი არ იყოს ჩართული და არ ამბობდეს ვთქვათ ინფლაციის წილი რა არის. ეს პროცესისთვის დამაზარალებელია.

„ფასნამატის წარმოქმნაზე“ საუბრობს მთავრობა. ასეთი რაღაც პირველად გავიგე. არარსებულ რაღაცას რატომ ვიგონებთ? ანუ ფასწარმოქმნა არსებობს, „ფასნამატის წარმოქმნა“ ვის გაუგია? ფასწარმოქმნა ნიშნავს იმას, რომ თვალს ადევნებ ფასს თავიდან ბოლომდე ანუ ფასის წარმოქმნას უნდა შეხედო, როგორია, უნდა აიღო რეპრეზენტატული ბიზნესების ჯგუფი, ნახო როგორია საერთო მოგება, რას გეუბნება წმინდა მოგება და ა.შ. მოდი ევროპულს ეს საერთო მოგება და წმინდა მოგება შევადაროთ",- ამბობს მიხეილ კუკავა.

ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძემ გასული წლის ბოლოს სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ამასთან, კობახიძემ სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა.

სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. გუშინ კი - სადისტრიბუციო კომპანიებთან გაიმართა შეხვედრა.

პარალელურად, 22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სადისტრიბუციო და სარეალიზაციო კომპანიებში შევიდა. რითეილ ასოციაციის განცხადებით, გაერთიანების ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები