ევროპის ჩრდილოეთით მდებარე სახელმწიფოსთან, რომელმაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 6 თვის გადაიბარა, საქართველოს ეკონომიკური კავშირები არც ისე მოცულობითია. თუმცა დანიასთან ვაჭრობის, ფულადი გზავნილების და ტურიზმის მაჩვენებლები წლების განმავლობაში მზარდია.
FDI
დანიიდან პირდაპირი ინვესტიციების შემოდინების დინამიკა ცვალებადია. ევროგაერთიანების წევრი სახელმწიფოდან საქართველოს ეკონომიკაში FDI-ის შემოდინება 2005 წლიდან დაიწყო და ყველაზე დიდი მოცულობა 2007 წელს 145 მილიონი დოლარის მოცულობით შემოვიდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში, დანიური ინვესტიციების წილი მთლიან FDI-ში მცირე იყო. 2024 წელს დანიიდან შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი იყო და -8.4 მლნ დოლარს შეადგენდა, 2023 წელს კი ქვეყნის ეკონომიკაში 21.5 მილიონი დოლარის დანიური ინვესტიცია ჩაიდო.
ფულადი გზავნილები
დანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობებიც წლების განმავლობაში მცირე, თუმცა მზარდია. 2024 წელს დანიიდან 1 მილიონ 269 ათასი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2023 წლის რიცხვებს 62 ათასი დოლარით აღემატებოდა.
2025 წლის პირველ 5 თვეში კი ქვეყანაში 620 ათასი დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილი შემოვიდა, რაც გასულ წელს ამავე პერიოდში გადმორიცხულ თანხას 19%-ით აღემატება.
სავაჭრო ბრუნვა
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო-დანიის სავაჭრო ბრუნვა 2023 წლამდე მზარდი იყო, გასულ 2024 წელს კი შემცირდა. ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელმა შარშან 37 მილიონ 858 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის რიცხვებს 12.3%-ით ნაკლებია.
გასული წლის შემცირების ტენდენცია მიმდინარე წლის 5 თვის ჭრილშიც გაგრძელდა და ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა მცირედ - 1.2%-ით, თუმცა შემცირდა და 15 მილიონ 162 ათასი დოლარი შეადგინა.
სავაჭრო კავშირებში ექსპორტის წილი მცირეა და 2024 წელს დანიაში საქართველოდან სულ 1 მილიონ 946 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა, რაც 2023 წლის ექსპორტს 12.4%-ით აღემატება. საქართველო დანიაში საქონლის ექსპორტით შემოსავალი მიმდინარე წლის 5 თვეშიც გაეზარდა, რამაც 1 მილიონ 417 ათასი დოლარი შეადგინა.
2025 წლის ამ პერიოდში დანიაში გაყიდული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
- თესლი, ნაყოფი და სპორები დასათესად - $412 ათასი;
- მსუბუქი ავტომობილები - $407 ათასი;
- კოსმეტიკური საშუალებები - $330 ათასი;
- მანგანუმის ოქსიდები - $116 ათასი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $40 ათასი;
რაც შეეხება იმპორტს, სავაჭრო ურთიერთობაში დანიიდან საქონლის შემოტანას ძირითადი ადგილი უკავია, თუმცა 2024 წელს სავაჭრო ბრუნვის შემცირება სწორედ იმპორტის კლებამ განაპირობა. გასულ წელს საქართველომ დანიიდან 35 მილიონ 912 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2023 წლის იმპორტს 13.3%-ით ჩამორჩება.
კლება მიმდინარე წლის 5 თვეშიც გაგრძელდა და დანიიდან წელს სულ 13 მილიონ 744 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა, რაც თითქმის 5%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
იანვარ-მაისში დანიიდან იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
- შინაური ფრინველის ხორცი და კვების სუბპროდუქტები - $1 მილიონი;
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $852 ათასი;
- ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - $845 ათასი;
- თევზი გაყინული - $807 ათასი;
- ყველი და ხაჭო- $625 ათასი.
ტურიზმი
დანიიდან საქართველოში ვიზიტების მაჩვენებელი მოცულობითი არ არის, თუცამ პანდემიამდე და მას შემდეგაც ყოველწლიურად იზრდება. 2024 წელს საქართველოში დანიიდან 6 211 ვიზიტი შესრულდა, რაც 2023 წლის ვიზიტებს 47.8%-ით აღემატებოდა. 2025 წლის პირველ კვარტალში კი ვიზიტების რაოდენობა 18%-ით შემცირდა და დანიიდან სულ 863 ვიზიტი შესრულდა.




























