საქართველოს ექსპრემიერის, საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელ ნიკა გილაურის აზრით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება, თუ ქვეყანა პოლიტიკურ გამოსავალს ძალიან მალე ვერ იპოვის.
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული FDI-ის მონაცემების კომენტირებისას განუცხადა.
9 თვეში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა
საქმე ის არის, რომ 2024 წლის III კვარტალში 198 მლნ აშშ დოლარის FDI ჩაიდო ქვეყანაში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 55.2%-ით ნაკლებია. საქსტატი ამბობს, რომ კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. ჯამურად, 9 თვეში კი საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა.
- საქართველოში, ძირითადად, ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები შემოდიოდნენ და მათთვის უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს ევროპული გზა. ისინი, პირველ რიგში, ქვეყანაში დებდნენ ფულს და შემდეგ - კომპანიებში, რადგან ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამონაგები იქნებოდა მაღალი, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად საქართველო ევროპას უფრო და უფრო დაუახლოვდებოდა - ეს იყო ინვესტორების გათვლა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციონერთა უმრავლესი ნაწილი ევროპული, ბრიტანული, ამერიკული საინვესტიციო და საპენსიო ფონდებია; მათ ჰქონდათ გათვლა, რომ განვითარებად ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა იქნებოდა მაღალი; ითვალისწინებდნენ იმასაც, რომ საქართველო საინტერესო გეოპოლიტიკურ ადგილზეა და ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ ქვეყანა ევროპისკენ მიდის და არ გახდება პოსტსაბჭოთა სივრცის, რუსული გავლენის ნაწილი.
- ახლა რა გათვლა უნდა ჰქონდეთ ინვესტორებს?
- ეს არის სწორედ ამ ინვესტორების პრობლემა. ისინი კარგად ხედავენ რეალობას, რაც არის ქვეყანაში. არალეგიტიმურმა პრემიერმა გამოაცხადა, რომ წყვეტს ევროპისკენ სვლას, დროებით, 2028 წლამდე და ამ ფონზე, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს ინვესტორს, ცოტა გაურკვეველია. პირველი შედეგიც უკვე დადგა - III კვარტალში FDI შემცირებულია; შემცირებულია რეინვესტიციაც; ვნახეთ, ლონდონის ბირჟაზე გასული ქართული კომპანიების აქციების ვარდნაც... ეს ტრენდი აუცილებლად გაგრძელდება თუ ქვეყანა ძალიან მალე ვერ იპოვის პოლიტიკურ გამოსავალს. ამ ტენდენციის გაგრძელება კი აუცილებლად გამოიწვევს ლარის კურსის გაუფასურებას, ფასების ზრდას და საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს. ვსაუბრობ 2-3-იან პერიოდზე და არა - შორ პერსპექტივაზე.