2024 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებით დაიწყო. წლის პირველ სამ თვეში FDI- 64%-ით შემცირდა. კლება დაფიქსირდა ყველა კომპონენტში, მათ შორის რეინვესტირების კუთხითაც.
"ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" დირექტორი დავით მაისურაძე ინვესტიციების მსგავს დრამატულ კლებას საარჩევნო წლებს, 2008 წლის ომის შემდგომ პერიოდს და პანდემიას ადარებს.
მისი თქმით, პირველ კვარტალში ინვესტიციების 64%-იანი შემცირება უარყოფითი მოლოდინებით იყო გამოწვეული, რომელიც მოგვიანებით პოლიტიკურ არასტაბილურობაში ითარგმნა.
“ჩემი მოლოდინი მაინც პესიმისტურია, იმიტომ რომ რადგან რუსული კანონი მიიღეს, ანუ დაიწყება ამ კანონის მოქმედება. ველოდებით ასევე არჩევნებს და საარჩევნო წელი სტანდარტულად უარყოფითია, ამიტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით არ უნდა ველოდოთ ზრდას.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას არც პოსტსაბჭოთა სივრციდან არ ველოდები, რადგან ნებისმიერი ბიზნესი დაინტერესებულია ისეთ ქვეყანაში ინვესტირებით, სადაც მისი ინვესტიცია დაცული იქნება თუნდაც სასამართლოს თვალსაზრისით, მომავლის განჭვრეტადობის კუთხით, ამიტომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ზრდას წლის განმავლობაში არ უნდა ველოდოთ,” - ამბობს "ღრმა სტრუქტურული რეფორმების ცენტრის" დირექტორი დავით მაისურაძე.