მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FDI-ს სტატისტიკაში ისევ ქართული კომპანიები ხვდებიან - ფადი ასლი

ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ამბობს, რომ საქართველოში მნიშვნელოვანი ინვესტიციები აღარ შემოდის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკაში ისევ ქართული კომპანიები ხვდებიან. მისივე თქმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკას რეინვესტირების მაჩვენებელი ზრდის, რომლის წილი საქართველოს FDI-ში მაღალია.

"ვინ არიან ინვესტორები? ინვესტორები არ ტოვებენ საქართველოსო და ვინ არიან ინვესტორები? უცხოელ ინვესტორებს თუ შევხედავთ, მათი უმრავლესობა ქართული კომპანიებია, რომლებიც საზღვარგარეთაც არიან. მაგალითად, ბორჯომი – ნიდერლანდებშია. გვყავს კომპანიები მალტაში, ლონდონში. ეს ქართული კომპანიებია. მეორე – პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას რომ შეხედოთ, 65% რეინვესტიციაა. მაგალითად, "ტოიოტა" უცხოური კომპანიაა – თუ გარეთ არ გაიტანენ თავიანთ მოგებას, იაპონიაში, თავიანთ საბანკო ანგარიშზე ინახავენ – ეს უკვე რეინვესტირებაა. ეს არ არის ნამდვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მოდი შევთანხმდეთ ამაზე. რეალური პირდაპირი უცხოური ინვესტიცია კაპიტალში ინვესტიციაა, დაახლოებით 10–13% მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. დიდი წილი აქედან შემოდის საამიროებიდან, იორდანიიდან, რუსეთიდან და ა.შ. აქ შედის ბათუმში 50 ათას დოლარად ნაყიდი ბინებიც. Fitch-ს ვეტყოდი, რომ ისინი ვერასდროს ნახავენ ინვესტორს, რომელიც ტოვებს საქართველოს, რადგან ამ ინვესტორების უმრავლესობა ქართველია", - განაცხადა ფადი ასლიმ BMGTV-ზე.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ასევე ირწმუნება, რომ საინვესტიციო პროექტებიც ამიტომ არ ჩერდება, რადგან მათი რეალური მფლობელები ქართული კომპანიები არიან.

"პროექტები არ ჩერდება იმიტომ, რომ მათ უკან ქართული კომპანიები დგანან. მხოლოდ სტატუსი აქვთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების. ივანიშვილს თუ აქვს 3–4 პროექტი ის მათ არ შეაჩერებს, გააგრძელებს. მისი კომპანია ბრიტანეთის კუნძულებზეა რეგისტრირებული. რა გამოდის, ივანიშვილი უცხოელი ინვესტორია? მაგალითად, "არქი" – ისინი მშენებლობას არ შეაჩერებენ, რადგან მჭიდროდ არიან ასოცირებულები ხელისუფლებასთან. ჰყავთ უცხოელი ინვესტორებიც, ამიტომაც გადის ეს კომპანია უცხოურ ინვესტიციებში, მაგრამ შეაჩერებენ ისინი საქმიანობას? არა, რადგან თვითონ არიან ქართული ოცნება. Fitch-ი ძალიან ბიუროკრატიულად უყურებს სიტუაციას – თავისი კარგი ოფისებიდან, რომელიც შესაძლოა პარკს გადაჰყურებს. ეროვნული ბანკის მონაცემებს ეცნობიან, ფინანსთა სამინისტროს რიცხვებს და ამბობენ, ჩვენ ვერ ვხედავთ კრიზისს საქართველოში.

ეს იმას ნიშნავს, რომ კრიზისი არ არის? ჩვენ ბიზნესმენები ვართ, ვიცით, ლოგიკა როგორ მუშაობს – 100 დოლარსაც არ დავაინვესტირებ, რადგან არ ვიცით, ხვალ რა იქნება. ზოგიერთ ქვეყანაში კორუფცია თამაშის წესის ნაწილია – ისინი თამაშის წესს იცავენ. არ ადარდებთ მმართველობის ხარისხი. იმიტომ, რომ განჭვრეტადობა არსებობს – ეს მთავრობა ხელისუფლებაშია ოთხი წლის განმავლობაში, ოთხი წლის შემდეგ ჩვენს ფულს დავიბრუნებთ, ვიცით, რომ ფულს გავაკეთებთ. ეს განჭვრეტადობა არსებობს იმ ტიპის ინვესტირებისთვის, რასაც ისინი კორუმპირებულ ქვეყანაში გასწევენ. მაგრამ პოლიტიკური არასტაბილურობა – როცა ქვეყნის კურსს ცვლი – დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ იღებ კურსს – ეს მთლიანად ცვლის სურათს. რადგან თუ დასავლეთისკენ გიჭირავს კურსი, მაშინ იცი, რომ 3–5–7 წელიწადში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების კვალდაკვალ, ქვეყნის მშპ გაორმაგდება პირველივე წელს. ამის მაგალითები გაქვს – აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ამის მაგალითია. ეს არის რეალური მოტივაცია ინვესტორისთვის", - ამბობს ფადი ასლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები