2022 წელი იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წელია. თარიღის აღსანიშნად, საქართველოში იაპონიის საელჩოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ეგიდით მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იაპონური ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმი მიზნად იაპონია-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას და ფორუმის მონაწილე ქვეყნების ბიზნეს წარმომადგენლებს შორის კავშირის დამყარებას ისახავდა.
როგორია საქართველო-იაპონიის ურთიერთობა რიცხვებში?
ინვესტიციები
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით საქართველოში იაპონიიდან შემოსული ინვესტიციების წილი უმნიშვნელოა და 0.3%-ს შეადგენს. შედეგად, გასულ წელს ქვეყანაში 4.3 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 34%-ით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელს სხვადასხვა სექტორში განხორციელებულმა იაპონურმა ინვესტიციებმა 39.5 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, გასულ წლებთან შედარებით, 2022 წლის პირველ ორ კვარტალში ქვეყანაში იაპონიიდან შემოსული ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 49.7 მლნ დოლარი შეადგინა. ეს კი წლის ბოლო ათწლეულის განმავლობაში იაპონიიდან შემოსული ინვესტიციების რეკორდული მაჩვენებელია.
სავაჭრო ბრუნვა
იაპონია საქართველოსთვის იმპორტის მიხედვით უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვაშიც იმპორტს წამყვანი როლი უკავია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში სავაჭრო ბრუნვამ 219.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაც აღემატება როგორც პანდემიურ, ასევე პანდემიამდელი წლების 9 თვის ბრუნვის მაჩვენებელს. ამასთან, 2021 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, საქართველო-იაპონიის სავაჭრო ბრუნვა 38.6%-ით გაიზარდა.
როგორც აღვნიშნეთ, იაპონიასთან ვაჭრობაში დიდი წილი იმპორტს უკავია. შესაბამისად 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან ამ მიმართულებით, სხვადასხვა საქონლის შესაძენად 207.9 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იმპორტს 45.2%-ით აღემატება. ამასთან, მთავარი საიმპორტო საქონელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც გასულ წლებში მსუბუქი ავტომობილები იყო. TOP-10 საიმპორტო საქონლის რეიტინგი ღირებულებით კი შემდეგნაირია:
1. მსუბუქი ავტომობილები - 188.8 მლნ დოლარი;
2. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები ახალი - 3.8 მლნ დოლარი, 763 ტონა;
3. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები ნახმარი - 2.5 მლნ დოლარი, 1 781 ტონა;
4. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 1.3 მლნ დოლარი, 760 ტონა;
5. სატვირთო ავტომობილები - 1.3 მლნ დოლარი;
6. იზოტოპები, 2844 სასაქონლო პოზიციის იზოტოპების გარდა - 1.2 მლნ დოლარი, 4 ტონა;
7. მოწყობილობა საბეჭდი, საღებავ-ჭავლური საბეჭდი მანქანების ჩათვლით - 1.1 მლნ დოლარი, 59 ტონა;
8. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - 1.1 მლნ დოლარი;
9. რენტგენული აპარატურა - 811 ათასი დოლარი, 35 ტონა;
10. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 688 ათასი დოლარი.
გარდა ამისა იაპონიიდან მცირე მოცულობით საქართველომ სამედიცინო ხელსაწყოების და მოწყობილობები, ოპტიკური ელემენტები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, სპეცდანიშნულების ავტომობილები, ბულდოზერები, ექსკავატორები და სხვა მანქანები, გოგირდორგანული ნაერთები, ავტოსატვირთელები და სხვა სახის საქონელი შეიძინა.
რაც შეეხება ექსპორტს, მისი წილი სავაჭრო ბრუნვაში არც ისე დიდია. მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ იაპონიაში საქონელის ექსპორტით 11.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელ მაჩვენებელს აღემატება, თუმცა 2020-2021 წლების 9 თვის (2020 წ. - 11.8 მლნ დოლარი; 2021 წ. - 15.2 მლნ დოლარი) ექსპორტს ჩამორჩება. TOP-10 საექსპორტო საქონლის რეიტინგი:
1. ალუმინი დაუმუშავებელი - 4.7 მლნ დოლარი, 2 018 ტონა;
2. ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონების - 4.7 მლნ დოლარი, 10 ტონა;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 1 მლნ დოლარი, 164 ტონა;
4. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 351 ათასი დოლარი, 32 ტონა;
5. მსუბუქი ავტომობილები - 307 ათასი დოლარი;
6. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 298 ათასი დოლარი, 179 ტონა;
7. საბეჭდი და გამომთვლელი მანქანების ნაწილები და საკუთნოები - 66 ათასი დოლარი, 10 ტონა;
8. ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 23 ათასი დოლარი;
9. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 23 ათასი დოლარი, 1 ტონა;
10. ნატურალური თაფლი - 16 ათასი დოლარი, 1 ტონა.
ტურიზმი
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში იაპონიიდან ვიზიტორებმა საქართველოში 1 332 ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 313.7%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის 9 თვეს 82.3%-ით ჩამორჩება. რაც იმას ნიშნავს, რომ წელს იაპონიიდან ტურიზმი მხოლოდ 17.7%-ით აღდგა.




























