მიმდინარე წელს საქართველო-შვეიცარიას შორის პირდაპირი ფრენების შესრულება ორმა ავიაკომპანიამ, Edelweiss-მა და easyJet-მა დაიწყო. 13 აპრილს, Lufthansa-ს ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა და 151 მგზავრი ჩამოიყვანა. შვეიცარიის ელჩი საქართველოში, ჰაიდი გრაუმი იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების დანიშვნა, საქართველოსა და შვეიცარიას შორის ეკონომიკურ კავშირებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
BM.GE გთავაზობთ ვაჭრობის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმის და ფულადი გზავნილების მონაცემებს, რომლებიც საქართველო-შვეიცარიის ეკონომიკურ კავშირებს ასახავს.
ვაჭრობა
საქართველო-შვეიცარიის სავაჭრო ბრუნვა მზარდია და გასულ წელს 279 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. 2024 წელს შვეიცარიასთან როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის ისტორიულად ყველა მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ბაზარზე, უფრო მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით. 2024 წელს ექსპორტმა 112.3 მლნ დოლარი შეადგინა (წლიური ზრდა 20%), ხოლო იმპორტი 166.8 მლნ დოლარი იყო (წლიური ზრდა 14.6%).
2024 წლის მონაცემებით, შვეიცარიაში ძირითადი საექსპორტო საქონლის ხუთეული შემდეგია:
- ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $96.8 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $6.5 მლნ;
- სუნამოები და ტუალეტის წყალი - $3.2 მლნ;
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები -$1.6 მლნ;
- თხილი და სხვა კაკალი - $1.5 მლნ.
საიმპორტო პროდუქტების TOP 5 კი ასე გამოიყურება:
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $60.5 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $51.1 მლნ;
- გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $7.7 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $3.9 მლნ;
- ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - $3 მლნ.
FDI
2024 წელს საქართველოში შვეიცარიიდან 26.1 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. ეს მნიშვნელოვნად, 37.9%-ით ჩამორჩება 2023 წლის მაჩვენებელს.
ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოსთვის შვეიცარიიდან FDI რეკორდული 2008 წელს იყო, როდესაც 90 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. რაც შეეხება ბოლო წლების სტატისტიკას, 2020 წელს ინვესტიციამ 10 მლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2021 წელს უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა -1.6 მლნ დოლარის ოდენობით. 2022 წელს შვეიცარიიდან შემოსული ინვესტიცია 31.9 მლნ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წელს, საქართველოში 41.9 მლნ დოლარის შვეიცარიული ინვესტიცია შემოვიდა.
ტურიზმი
საქართველოში 2024 წელს შვეიცარიიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 18.3%-ით გაიზარდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, გასულ წელს, საქართველოს შვეიცარიიდან 6 895 ტურისტული ვიზიტი შედგა, მაშინ როდესაც, 2023 წელს 5 825-ს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანამ გასულ წელსაც ვერ შეძლო პანდემიამდელი პერიოდის მაჩვენებლისთვის გადასწრება. 2019 წელს შვეიცარიიდან 9 879 ვიზიტი განხორციელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო. პირდაპირი ავიამიმოსვლის გავლენით, ეკონომიკის სამინისტროში შვეიცარიიდან ტურისტების ნაკადის ზრდის მოლოდინი აქვთ.
ტურისტული ვიზიტები შვეიცარიიდან
ფულადი გზავნილები
2024 წელს საქართველომ შვეიცარიიდან 4.2 მლნ დოლარის ფულადი გზავნილი მიიღო. გარდა იმისა, რომ მაჩვენებელი წლიურად 3.3%-ით გაიზარდა, ის რეკორდულ მოცულობას წარმოადგენდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი გზავნილების ჭრილში შვეიცარიის წილი უმნიშვნელოა და გასულ წელს მასზე მხოლოდ 0.12% მოდიოდა.
სებ-ის მონაცემებით, 2020 წლიდან მოყოლებული შვეიცარიიდან ფულადი გზავნილების დინამიკა მზარდია:
- 2020 წელი - $1.7 მლნ
- 2021 წელი - $2.1 მლნ
- 2022 წელი - $2.6 მლნ
- 2023 წელი - $3.2 მლნ
- 2024 წელი - $4.2 მლნ