აგვისტოში აშშ-ში უმუშევრობა 4.3%-მდე გაიზარდა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
TBC Capital-ის ინფორმაციით, უმუშევართა დახმარების მოთხოვნები 263,000-მდე გაიზარდა, რაც თითქმის ოთხწლიანი მაქსიმუმია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2025 წლის მარტამდე აშშ-ში 911,000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი შეიქმნა, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ. პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ტარიფებმა ბიზნესის მარჟებზე და დასაქმების გეგმებზე წნეხი გაზარდა, რის გამოც ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე რეცესიის შიში გააძლიერა.
TBC Capital-ის ცნობითვე, უმუშევრობის და დახმარების მოთხოვნების ზრდამ უკვე ტრადიციულად სტაბილურ სექტორებშიც დაძაბულობა გამოავლინა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან FED-ის აგრესიული შემცირებისკენ პოლიტიკური ზეწოლა იზრდება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან სტატისტიკის ბიუროს ხელმძღვანელი გაათავისუფლა. ჯერომ პაუელი რთული გადაწყვეტილების წინაშე იდგა, რადგან ინფლაცია ისევ მყარია, მაგრამ სამუშაო ბაზარი უკვე მკვეთრად შესუსტებულია.
17 სექტემბერს აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა, რაც სრულ შესაბამისობაშია ანალიტიკოსების პროგნოზთან.
ცვლილების შედეგად, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.0-4.25%-ის დიაპაზონში განისაზღვრა.
ამასთან, FED-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე განაკვეთი, სავარაუდოდ, დამატებით 50 საბაზისო პუნქტით შემცირდება, რაც ახლა უკვე ახალ მოსალოდნელ სცენარს წარმოადგენს და ინვესტორებში პოზიტიურ განწყობას იწვევს.




























