ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ყოფილი ხელმძღვანელი ფედერიკა მოგერინი ევროპის კოლეჯის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ, შესაძლო კორუფციული გარიგების ბრალდებით, გამოძიება დაიწყო.
"იმ უდიდესი სიმკაცრისა და სამართლიანობის შესაბამისად, რომლითაც ყოველთვის ვასრულებდი ჩემს მოვალეობებს, დღეს გადავწყვიტე, ევროპის კოლეჯის რექტორის თანამდებობა დავტოვო", - აღნიშნა მოგერინიმ 4 დეკემბერს კოლეჯის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.
მან ასევე განაცხადა, რომ დატოვებს ევროკავშირის დიპლომატიური აკადემიის დირექტორის პოსტს. საუბარია დამწყები დიპლომატების სკოლაზე, რომელიც სავარაუდო თაღლითობისა და კორუფციის გამოძიების საგანია.
პროკურორების განცხადებით, არსებობს "საფუძვლიანი ეჭვი", რომ მოგერინის, რომელიც აკადემიის შექმნის ტენდერში მონაწილეობდა, კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარეს. გამოძიება იკვლევს, ფლობდა თუ არა ევროპის კოლეჯი შიდა ინფორმაციას, რომელმაც მას ტენდერის მოგების საშუალება მისცა. აკადემია 2023 წელს ევროპის კოლეჯში ამოქმედდა და მისი ბიუჯეტი თითქმის 1 მილიონ ევროს შეადგენდა.
ევროპის პროკურატურამ, ევროკავშირის საგამოძიებო უწყებამ, რომელმაც ამ კვირაში მოგერინისა და ორ სხვა პირს ოფიციალურად წაუყენა ბრალი, განაცხადა, რომ ბრალდებები ეხება "შესყიდვებთან დაკავშირებულ თაღლითობასა და კორუფციას, ინტერესთა კონფლიქტსა და პროფესიული საიდუმლოების დარღვევას".
უწყებამ ასევე დასძინა, რომ ყველა პირი უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მათი ბრალეულობა არ დამტკიცდება ბელგიის კომპეტენტური სასამართლოების მიერ.
მოგერინის ადვოკატმა, მარია-პაოლა კერკიმ Associated Press-ს განუცხადა, რომ 10-საათიანი დაკითხვის დროს მოგერინი იყო "გამჭვირვალე, მკაფიო და მშვიდი" და დარწმუნებულია, რომ ის გამართლდება.
მოგერინი 2014-2019 წლებში საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იყო, ვიდრე ევროპის კოლეჯის რექტორად დაინიშნებოდა.




























