უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც ფიფას ინიციატივას გამოეხმაურა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო აპირებს, მსოფლიო ჩემპიონატების წილები გაყიდოს. უეფა ამ იდეას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ თუ ეს მოხდა, ევროპული ნაკრებები ფიფას ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
უეფამ და მისმა 55 წევრმა ასოციაციამ ერთობლივი განცხადებით ფიფას მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა საერთაშორისო ტურნირების კომერციული უფლებების კერძო ინვესტორებისთვის შესაძლო გადაცემის ინიციატივა მკაცრად დაგმეს და განაცხადეს, რომ მსგავსი მოდელის მხარდაჭერას არ აპირებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოთამაშეებმა, ეროვნულმა ნაკრებებმა და გულშემატკივრებმა შექმნეს. უეფას შეფასებით, ამ ტურნირს არ შეიძლება საინვესტიციო აქტივის სტატუსი მიენიჭოს და მისი არცერთი ნაწილი კერძო ინვესტორების საკუთრებაში არ უნდა გადავიდეს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის განცხადებით, შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მსგავსი მნიშვნელობის ინიციატივა, მათი თქმით, ფარულად მომზადდა და გადაწყვეტილების მიღებამდე ფეხბურთის მართვაზე პასუხისმგებელ მხარეებთან კონსულტაცია არ გამართულა. უეფა მიიჩნევს, რომ ეროვნული ასოციაციების წინაშე ფაქტობრივად ულტიმატუმი დადგა — ან დაეთანხმონ ფიფას გეგმას, ან შესაბამისი შედეგების წინაშე აღმოჩნდნენ.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თუ ფიფას ტურნირებში კერძო ინვესტორები საკუთრების წილს მიიღებენ, ფეხბურთის მართვის პრინციპები ძირეულად შეიცვლება. უეფას შეფასებით, ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო კალენდრის, ტურნირების ფორმატისა და სპორტის განვითარების შესახებ გადაწყვეტილებები აღარ იქნება ნაკარნახევი ფეხბურთის ინტერესებით, არამედ ინვესტორების ფინანსური მოლოდინებითა და მოგების მაქსიმიზაციის სურვილით.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო აცხადებს, რომ მსგავსი მოდელი მსოფლიო ფეხბურთისთვის მიუღებელია, რადგან ეროვნული ასოციაციების, ლიგების, კლუბების, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ინტერესები ვერ უნდა დაექვემდებაროს კერძო კაპიტალის ინტერესებს.
უეფამ ასევე გააფრთხილა ფიფა, რომ თუ აღნიშნული ინიციატივა ძალაში დარჩება, ევროპის არცერთი ეროვნული ნაკრები ფიფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებს. ორგანიზაციის პოზიციით, ეს გადაწყვეტილება ძალაში იქნება მანამ, სანამ ინიციატივა სრულად არ გაუქმდება და ფიფა სამართლებრივად სავალდებულო გარანტიებს არ გასცემს, რომ მისი ტურნირები კერძო საკუთრების საგანი არასოდეს გახდება.
განცხადების დასასრულს უეფა აღნიშნავს, რომ არსებობს ფასეულობები, რომელთა გაყიდვაც დაუშვებელია, და აცხადებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთს ეკუთვნის, არა კერძო ინვესტორებს. ორგანიზაციის განცხადებით, ევროპა ამ პოზიციას მტკიცედ დაიცავს და მსოფლიო ჩემპიონატი „არასოდეს იქნება გასაყიდი“.
ცნობისთვის, ჯანი ინფანტინოს ინიციატივაა, შეიქმნას ახალი, შვილობილი კომპანია FIFA Forward Enterprise, რომელიც გააერთიანებს FIFA-ს კომერციულ საქმიანობასა და ღონისძიებების (საუბარია კაცთა, ქალთა და ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატებზე) საორგანიზაციო საკითხებს.




























