მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფელამუშს შუშის ქილებში ჩამოვასხამთ“ – „ფელამუშიტოს“ გეგმები

643a3fd05ebd9
ნანუკა ნარიმანიძე
16.04.23 10:00
1766
ფელამუშის თანამედროვე დესერტების მწარმოებელი კომპანია „ფელამუშიტო“ ფელამუშის ცივი სახით ჩამოსხმას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინო გოგალაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვმუშაობთ ახალ პროექტზე, ვაპირებთ, ჩვენი ბრენდის ქვეშ, ფელამუში შუშის ქილებში ცივი სახით ჩამოვასხათ და მარკეტებსა და ბრენდულ ქსელებში გავყიდოთ, ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვეძებთ პარტნიორს და ქარხანას, სადაც ამ ყველაფერს დავამზადებთ“, - განმარტა დამფუძნებელმა.

უახლოეს გეგმებზე საუბრისას, ნინო გოგალაძე აღნიშნავს, რომ კომპანია მესამე ფილიალის გახსნაზეც მუშაობს.

„ამ ეტაპზე ორი ფილიალი გვაქვს, ვინაიდან "ისტ ფოინთის" ფილიალი დაიხურა. ვაპირებთ ახალი ფილიალის გახსნას, გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და ლოკაციის არჩევის პროცესში ვართ“, - დასძინა მან.

დამფუძნებელმა გაძვირებულ ნედლეულზეც ისაუბრა და განმარტა, რომ კომპანიას პროდუქციაზე ფასი არ მოუმატებია.

„ნედლეულის ფასი ძალიან არის მომატებული, თუმცა ჩვენი კომპანია სხვა ხარჯების ოპტიმიზაციას აკეთებს, რის ხარჯზეც პროდუქტს ის ფასი შევუნარჩუნეთ, რაც თავიდანვე ჰქონდა, ამ ეტაპზე, ფასის მომატებას არ ვაპირებთ“, - ამბობს ნინო გოგალაძე.

ცნობისთვის, „ფელამუშიტო“ 2022 წლიდან გამოჩნდა ბაზარზე, როგორ ქართული დესერტების გამორჩეული კონცეფციის მქონე ბრენდი, რომელიც მომხმარებლებს ტრადიციული ქართული ნუგბარის - ფელამუშის მოდერნიზებულ ვარიაციებს სთავაზობს, როგორიცაა: ფელამუში თეთრი შოკოლადით, ყავით, კარამელით, გლინტვეინით და სხვა. აღსანიშნია ისიც, რომ კომპანია ჩამოსასხმელ ფელამუშს აწარმოებს, რომელიც დამზადების ტექნოლოგიითა და მისი გემოვნური თვისებებით ბრენდის სხვა პროდუქციისგან განსხვავებულია.

„ფელამუშიტო“ ამჟამად 20 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები