მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

‘’ფერაძის მეღვინეობამ’’ ₾3 მლნ-ის ინვესტიციით მცხეთაში ახალი საწარმო აამოქმედა

63578f8d2e3d4
BM.GE
29.10.22 14:20
1414
"ფერაძის მეღვინეობამ’’ მცხეთაში, არმაზის ხეობაში ახალი საწარმო აამოქმედა, - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ირაკლი ფერაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა.

ფერაძის ცნობით, საწარმო ოთხ სხვადასხვა ფუნქციურ სივრცეს აერთიანებს, სადაც ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, მისივე თქმით, დასაქმებულების რაოდენობა შემდეგი სეზონისთვის მოიმატებს.

"საწარმოში პირველი მოსავალი უკვე მივიღეთ და ტექნოლოგიური მხარე მთლიანად გამართულია. არის ოთხი სართული და ოთხივე, ფაქტობრივად, მიწის ქვემოთაა განლაგებუბლი. თავდაპირველად შედიხარ ნულ სართულზე, რომელიც არის სადეგუსტაციო სივრცე, ამის ქვემოთ არის საწყობი, ჩამოსასხმელი დანადგარები, ლაბორატორია და ვინოთეკა, შემდეგ სართულზე ის ღვინის კასრებია განლაგებული, სადაც დაძველება ხდება და ახლო მომავალში ბოთლური მეთოდით შამპანიზაცია იგეგმება. სულ ბოლო სართულზე კი განლაგებულია ცისტერნები, კასრები და ა.შ", - განაცხადა ირაკლი ფერაძემ.

"ფერაძის მეღვინეობის’’ დამფუძნებელი აღნიშნავს, საწარმოს შექმნის პროცესში ძირითადი სირთულე სამშენებლო პროდუქციის ფასის ცვალებადობას უკავშირდებოდა, რის გამოც საბოლოო ბიზნეს გეგმა პირვანდელს მთლიანად აცდა.

"მაშინ, როდესაც დავიწყეთ ბიზნეს გეგმის შედგენა არმატურის ფასი იყო $600 და როდესაც მშენებლობა დავიწყეთ - $1150, ასეთი ცვლილებების გამო, ძალიან ავცდით რეალურ ბიზნეს გეგმას.’’ - აცხადებს ირაკლი ფერაძე.

ცნობისთვის:"ფერაძის მეღვინეობამ’’ საწარმო 3 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც ნაწილი ბანკის დახმარება, ნაწილი კი "სოფლის განვითარების სააგენტოდან’’ აღებული გრანტი იყო.

"ფერაძის მეღვინეობა" ამჟამად 15 სახეობის ქართულ ღვინოს აწარმოებს და ის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უცხოეთის ბაზარზეც წარმატებულად ოპერირებს. პროდუქციის ადგილობრივი ფასი 33-37 ლარს შორის მერყეობს, საექსპორტო ფასი კი 9-12 დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები