მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფერები ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების შემოქმედებაში“ - ქარვასლა გამოფენას უმასპინძლებს

„ფერები ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების შემოქმედებაში“ - ქარვასლა გამოფენას უმასპინძლებს
26.04.24 10:29
112

მსოფლიო მოქალაქეების მიერ ეკო მეგობრულ პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის პარალელურად, დაინტერესებული ადამიანები თუ კომპანიები მუშაობენ იმაზე, რომ მიწოდებაც იყოს მზარდი. სულ უფრო იზრდება ინტერესი ტანსაცმლისა და აქსესუარების მიმართ, რომლებიც ნატურალური მასალისგან არის დამზადებული. თუმცა, იმის გამო, რომ საქართველოში ნედლეული უცხოეთიდან შემოდის, საჭიროა, ადგილობრივ დონეზე იყოს ხელმისაწვდომი ბუნებრივი მასალა.

სწორედ ამ მიმართულებით დაფუძნდა კომპანია - „კავკასიის ფერები“. ის 2019 წელს დაარსდა და, ამ დროიდან მოყოლებული, პოპულარიზაციას უწევს ბუნებრივი მცენარეებით დამზადებულ ნატურალურ საღებავებს, ქმნის სხვადასხვა ფაქტურის ტექსტილს. მიზნებსა და ამოცანებზე, კომპანიის დამფუძნებელი, ნინო იოსელიანი საუბრობს.

„მე-19 საუკუნის შუა ნახევრამდე ტექსტილს მთელს მსოფლიოში ღებავდნენ ნატურალური საღებავებით. ყველა სამკურნალო მცენარე, რომელიც გამოიყენება წამლის შესაქმნელად, შეგიძლია, გამოიყენო საღებავადაც. საქართველოში საკმაოდ ბევრი საინტერესო, სხვადასხვა სახეობის მცენარეა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კომპანია, რომელიც ამ მცენარეებისგან შექმნიდა ტექსტილს და შემდგომ უკვე ითანამშრომლებდა ქართველ დიზაინერებსა და ხელოვანებთან, რომლებიც შექმნიდნენ საინტერესო ნივთებს“.

როგორც ნინო აღნიშნავს, საქართველოში ტექსტილის ინდუსტრია განვითარებული არ არის, შესაბამისად, ნედლეული უცხო ქვეყნებიდან შემოდის. ის ხაზს უსვამს, რომ კომპანიის მიზანს წარმოადგენს, საქართველოში განვითარდეს ეს ინდუსტრია და პროდუქცია გლობალურ ბაზარზე გავიდეს.

„დღეს მსოფლიოში ძალიან აქტუალურია ეკო მეგობრული მიმართულება. მოდის ინდუსტრია, ნავთობის შემდგომ, არის მეორე ადგილზე გარემოს დაბინძურების მხრივ. ნელ-ნელა მთელი მსოფლიო გადავა ნატურალურ ქსოვილებზე, რათა გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. ჩვენი ტექსტილი, რომელიც საქართველოში იქმნება, არის შეღებილი ნატურალური, სამკურნალო მცენარეებით, ამიტომ, კანი სუნთქავს, ნამუშევრები ანტიალერგიულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ეს ინდუსტრია განვავითაროთ. ქარვასლაში გვაქვს ჩვენი შოურუმი, აგრეთვე, სამღებრო სახლი (ეს უკანასკნელი გვაქვს კიკეთშიც). გვსურს, რეგიონებში შევქმნათ სამღებრო სახლები, სადაც შეიქმნება ნატურალური ტექსტილი, რომელსავ გავიტანთ საზღვარგარეთ. ჩვენ გავაკეთეთ კოლაბორაცია დიზაინერებთან - თამუნა ინგოროყვასთან, ავთანდილ ცქვიტინიძესთან, დეივიდ ზეროუდთან... ჩვენ მიერ შექმნილი ტანსაცმელი კი იყიდება შემდეგ ლოკაციებზე: იბიცა, სან ტროპე, ნიკონოსი, ტულუმი“.

ნინო იოსელიანის თქმით, 27 აპრილს, 17:00 საათიდან ძველ თბილისში, თბილელის ქარვასლაში გაიმართება გამოფენა - „ფერები ქართველი მხატვრებისა და დიზაინერების შემოქმედებაში“.

„წარმოდგენილი იქნება „კავკასიის ფერების“ ტექსტილი, ავთანდილ ცქვიტინიძესთან კოლაბორაციით შექმნილი ტანსაცმელი; აგრეთვე, რაც არის მთავარი და ძალიან დიდი სიახლეა, გავაკეთეთ კოლაბორაცია ქართველ მხატვრებთან - ჩვენ მცენარეებისგან დავამზადეთ საღებავები და წინასწარ შევღებეთ აბრეშუმი, ტილო, ბამბა... მხატვრებმა კი გამოიყენეს ტექსტილი და დახატეს ნახატი. ჩვენ გვექნება ამ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა“, - აღნიშნავს ნინო.

ერთერთი მხატვარი, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი, ავთანდილ გურგენიძე გახლავთ. ის საუბრობს, თუ რატომ არის მისთვის აღნიშნული გამოფენა გამორჩეულად საინტერესო.

„ეს გამოფენა ძალიან საინტერესოა იმ მხრივ, რომ არის კოლაბორაცია. ზოგადად, მე მიყვარს კოლაბორაციები, მაგრამ ეს განსაკუთრებით საინტერესო შემთხვევაა იმ მხრივ, რომ მასალა არ იძლევა პროგნოზის გაკეთების საშუალებას. გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ნატურალური ფერები. ჩვენ ვხატავთ უკვე მოხატულ ნაჭრებზე. იმის მიხედვით, თუ იქ უკვე რა კომპონენტებია და შემდგომ ჩვენ რა მასალით ვმუშაობთ - არის მცენარეული და არის მინერალური. ძალიან ცოცხალი პროცესია, თითქოს - ალქიმიას ჰგავს. ჩვენ გავაკეთეთ რამდენიმე ნახატი ტანსაცმელებზე, შემდეგ გადავჭიმეთ ეს ნაჭრები ჩარჩოებზე და გავაკეთეთ ნახატები. შემოქმედებითი თვალსაზრისით არის ძალიან საინტერესო და ჩვენთვის, მხატვრებისთვის გახლავთ ახალი პრაქტიკა. მასალით მუშაობის მხრივ არის ასევე ძალიან საინტერესო, ტექნიკური მხარე რომ ავიღოთ“.

გამოფენაში ასევე მხატვარი გია აფციაური მიიღებს მონაწილეობას. მისი შეფასებით, გამოფენა საინტერესოა, რადგან მხატვრებისთვის სამუშაო პროცესი სპეციფიკური იყო.

„მასალა, რომელსაც ვიყენებთ, უფრო მეტად გამოიყეენება ტანსაცმლის, ტექსტილის შექმნისთვის. მხატვრობაში, დღესდღეობით, მას ფაქტობრივად არავინ იყენებს. სწორედ ამით არის ეს გამოფენა გამორჩეული, რომ ვეცადეთ, ერთი მხრივ, მხატვრობაში შეგვეტანა და, მეორე მხრივ, რომ ტანსაცმელზე დაგვეხატა ხელით. ტრადიციული მხატვრობის დროს ჩვენ უკვე ვიცით, რა როგორ ხდება - ანუ, რომელ მასალას რა ახასიათებს. აქ კი განსხვავებული სპეციფიკაა. ეს იმიტომ, რომ ფერები დადების შემდგომ კვლავ აგრძელებენ „მუშაობას“ საკუთარ თავში, შიგნით. ისინი იცვლებიან - როდესაც შრება, ერთი-ორი კვირის შემდგომ შესაძლოა, სულ სხვანაირი დაგვხვდეს. სწორედ ამით არის საინტერესო ეს პროცესი“.

მხატვარ გოგა ჯაფარიძის შეფასებით, მხატვრებისთვის სამუშაო პროცესი გამოწვევა იყო.

„ეს გახლავთ ახალი მედია და ამ მხრივ არის საინტერესო. პროცესი ტრადიციული მხატვრობისგან ძალიან განსხვავდება და, ამდენად, ჩვენთვის, მხატვრებისთვის ეს გახლდათ გამოწვევა. უნდა გამეკეთებინა რაღაც ისეთი, რაც არ იქნებოდა ტრადიციული და ამოვსულიყავი არა მხოლოდ ჩემი პირადი იდეიდან, არამედ - მასალიდან. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, ბევრი ვერ მოვასწარი, მაგრამ იყო ძალიან კარგი გამოცდილება ჩემთვის. ვიმუშავეთ ტანსაცმელზე - აქაც საღებავის ხასიათიდან, ტემპერამენტიდან უნდა ამოვსულიყავით. ესეც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტობრივად, ნაწილობრივ შეგიძლია პროგნოზირება, თუ რა გამოვა და ამას აქვს ადრენალინი - შესაძლოა, საერთოდ გაგიფუჭდეს ან პირიქით, ძალიან კარგი გამოგივიდეს. ეს არის ალქიმიასავით“.

გამოფენა 27 აპრილს, 17:00 საათზე გაიხსნება, სამღებრო სახლი კი ეკო ნატურალური პროდუქციის მოყვარულებს ყოველდღიურად, 11:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები