სენაკში მდებარე მეფრინველეობის ფერმის „ფერმა სენაკში“ დამფუძნებელი, მურმან გვასალია BM.GE-სთან აცხადებს, რომ მომავალი წლისთვის კონტაქტური ზოოპარკის გახსნას გეგმავს.
მისი ინფორმაციით, მეფრინველეობის ფერმა 4 წლის წინ გახსნა და მომხმარებელს სხვადასხვა სახის უნიკალური ჯიშის ფრინველებს სთავაზობს. კერძოდ სხვადასხვა ჯიშის ქათმებს, ორი სახეობის ფარშევანგს, ინდაურებს, იხვებს, ბატებსა და ა.შ.
„მეურნეობა 500 კვ.მ-ზე დამოუკიდებლად მაქვს გაშენებული, სადაც 100-მდე სხვადასხვა სახეობის ფრინველი მყავს გასამრავლებლად. რამდენიმე დღის გამოჩეკილ ფრინველს ვყიდი და მათი ღირებულება 3 ლარიდან 15 ლარის ფარგლებში მერყეობს. ყველა ფრინველს თავისი ინდივიდუალური ვოლიერი აქვს, შესაბამისად ერთმანეთთან არ აქვთ წვდომა და ჯიშების აღრევა არ ხდება.
მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია. იმდენად, რომ ჯერ კიდევ არ გამოჩეკილ ფრინველზე რამდენიმე თვით ადრე წინასწარი ჯავშნები მაქვს. სწორედ დიდმა ინტერესმა გადამაწყვეტინა, რომ მეფრინველეობა გამეფართოებინა და ქათმებთან ერთად, სხვა სახეობის ფრინველებიც მომეშენებინა, როგორიცაა ბატები, იხვები, ფარშევანგები და ა.შ.
მე არ მაქვს დიდი ფართი და რესურსი, რომ ჩემი მეფრინველეობა უფრო გავაფართოვო, ბაზრის 10%-საც კი ვერ ვაკმაყოფილებ. ახლა მაგალითად სახეობაში 10 ფრთა თუ მყავს, 30 ფრთამდე რომ გავზარდო მათი რაოდენობა, თამამად შევძლებ იმის თქმას, რომ ბაზრის 30%-ს ვაკმაყოფილებ.
წელს არ ვიცი რამდენად მოესწრება, მაგრამ მომავალ წელს მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე, სენაკშივე კონტაქტური ზოოპარკის გახსნას ვგეგმავ. მანამდე კი, უკვე არსებული მეურნეობის სრულად ამორტიზებას და ფრინველების რაოდენობის გაორმაგებას ვაპირებ. ამის უზრუნველსაყოფად, დაახლოებით 15000 ლარის ინვესტიცია იქნება საჭირო,“- აცხადებს გვასალია.
მისივე ცნობით, ამჟამად სპონსორის მოძიების პროცესი მიმდინარეობს, რადგან სენაკის მერია ფერმის განვითარებაში არ დაეხმარა. კონტაქტური ზოოპარკის შექმნის შემდეგ კი, კიდევ ორი ადამიანის დამატება იგეგმება, რომლებიც ფრინველების მოვლასა და მომხმარებლების გიდობაში დაეხმარებიან.
„ჩემი მიზანი, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა, რომ ფერმერებმა „უჯიშო“ ფრინველები პროდუქტიული ფრინველით ჩაანაცვლონ, რომელიც უფრო მეკვერცხული და მეხორცული იქნება“, - აცხადებს ფერმის დამფუძნებელი
გარდა მეფრინველეობისა, გვასალიას საკუთრებაშია 6 ჰა მიწის ნაკვეთი, სადაც მეფუტკრეობას ეწევა და ასევე, სხვადასხვა სახეობის ხილი აქვს გაშენებული, როგორიცაა ხურმა, კივი, ჟოლო, ფეიხო და ა.შ. რომელიც იყიდება.