საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მზადაა, გააგრძელოს საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების შეღავათი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისთვის, რომელიც 2026 წლის 1 იანვარს უნდა შეწყვეტილიყო. აღნიშნული განცხადება "ოცნების" მთავრობაში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ, პარლამენტში, დარგობრივი და სოფლის მეურნეობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატ გელა სამხარაულის კითხვის პასუხად განაცხადა.
საქმე ის არის, რომ 2013 წლიდან ფიზიკური პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200,000 ლარს არ აღემატება. შეღავათის მოქმედების ვადა იწურება 2026 წლის 1 იანვარს.
გელა სამხარაული შეღავათის ვადის გაგრძელებასთან ერთად, 200,000-ლარიანი ლიმიტის გადახედვასაც მოითხოვდა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამების დახმარებით, მრავალწლიანი კულტურების გაშენებამ ფერმერების შემოსავლები მნიშვნელოვნად გაზარდა, რის გამოც, შემოსავლის ზღვრის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, ზოგიერთმა ფერმერმა მიწების დანაწევრება და ოჯახის წევრებზე გაყოფა დაიწყო. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უშლის მიწის კონსოლიდირების პოლიტიკას და ზრდის მცირემიწიანობას.
გიორგი კაკაურიძემ დაადასტურა, რომ სამინისტრო შესაბამისი ცვლილებების პაკეტით მზადაა, გააგრძელოს შეღავათი 2026 წლის 1 იანვრის შემდეგაც. თუმცა თქვა, რომ 200,000-ლარიანი ლიმიტის გაზრდა არ განიხილება.
" შემიძლია გითხრათ, რომ რაც შეეხება ამ 200,000-ლარიან შეღავათს, მიუხედავად იმისა, ეს შეღავათი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ამ ეტაპზე და რამდენად ეფექტურია, მაგის შეფასებაში არ შევალ. ჩვენ წარმოვადგინეთ წინადადება, რომლითაც 26 წლის პირველი იანვრის შემდგომაც გაგრძელდება აღნიშნული შეღავათის მოქმედება.
რაც შეეხება პირობების გადახედვას და მის მოცულობის, შეღავათის მოცულობის ზრდას, ამ მიმართულებით ვერ დაგეთანხმებით, ვინაიდან გვაქვს რამდენიმე სხვა ალტერნატივა. გვაქვს მცირე მეწარმის ნაწილი, სადაც 500,000 ლარამდე მხოლოდ 1%-ს იხდის ბრუნვიდან და ბევრი სხვადასხვა ალტერნატივაა და კიდევ ამ შეღავათის გაზრდა ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი. თუმცა, ის, რომ რაც შეღავათი იყო, ეს შენარჩუნდეს 26 წლის პირველი იანვრის შემდგომაც, ეს იქნება წარმოდგენილი შესაბამისი ცვლილებების პაკეტით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.




























