2025 წლის 9 სექტემბრიდან 5 ნოემბრამდე პერიოდში, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამმუშავებელმა 15 საწარმომ 22 500 ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 6.5 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს, სახელმწიფო სუბსიდია კი დაახლოებით 2.5 მლნ ლარს შეადგენს - ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში, ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს მინიმუმ 27 თეთრად შეისყიდიან, სუბსიდიას იღებენ. სოფლის განვითარების სააგენტო თითო კილოგრამზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
სახელმწიფო პროგრამა ძირითადად შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში განხორციელდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.




























