მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფერმერთა რეესტრის შექმნას პოზიტიურად ვუყურებთ“ - პარლამენტი ახალ კანონპროექტზე მუშაობს

რატი კოჭლამაზაშვილი

სოფლის მეურნეობის სექტორს ახალი კანონი ექნება. დოკუმენტი დღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“ - ასე ჰქვია საქართველოს კანონის პროექტს, რომელიც სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის ძირითად პრინციპებს ადგენს და უფლებამოსილი უწყებების კომპეტენციებს განსაზღვრავს.

როგორც პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ეს არის ევროპულ მოდელზე დაფუძნებული კანონპროექტი. დოკუმენტში პირველად გაჩნდება ფერმერის და ფერმერული მეურნეობების დეფინიციები, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, ეს არის გადამხდელთა სააგენტოს შექმნა, რომელიც როგორც ბიუჯეტიდან, ასევე დონორებიდან მიღებული დაფინანსების მიზნობრივი გამოყენებისა და კონტროლის ფუნქციას შეასრულებს. კანონით მას ბენეფიციარ სუბიექტთა ინსპექტირების მანდატიც ექნება. როგორც ნინო წილოსანი აცხადებს, ეს იქნება ევროპული სტანდარტი უწყება, რა უფლებამოსილებასაც დღეს არსებული სოფლის განვითარების სააგენტო ფორმირების შემდეგ შეასრულებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების უწყებათაშორის საბჭოს შექმნას, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და სრულყოფა იქნება. ასევე შეიქმნება ფერმერული მეურნეობების რეესტრი, ანუ ყოველწლიურად განახლებადი მონაცემთა ბაზა, რომლის მიზანიც მმართველი ორგანოს მიერ სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება იქნება.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომას კერძო სექტორიდან, რამდენიმე წარმომადგენელი დაესწრო. კანონპროექტის ძირითადი პრინციპები ბიზნესისთვის მისაღებია, თუმცა აქვთ შენიშვნებიც.

„გამოიკვეთა რამდენიმე გამოწვევა, რაც საჭიროებს კიდევ უფრო მეტ დაზუსტებას. კარგი ისაა, რომ ევროკავშირის ანალოგიური კანონმდებლობა გვექნება ჩარჩო კანონის კუთხით, სადაც თავი უნდა მოიყაროს ყველა ისეთმა ფერმერმა და აგრობიზნესმა, რომელიც მიიღებს სახელმწიფო დახმარებას. ასევე უნდა დაიხვეწოს ფერმერთა რეესტრი და ეს იყოს განახლებადი, რასაც რა თქმა უნდა პოზიტიურად ვუყურებთ იქიდან გამომდინარე, რომ მონაცემების სიმცირის, სიზუსტის კუთხით ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. ამ კუთხით ვფიქრობ, რომ კარგი საფუძველი იქნება, თუმცა ეს არის ზოგადი ჩარჩო კანონი და მას უნდა მოჰყვეს კანონქვემდებარე აქტები. მნიშვნელოვანი იქნება მუშაობა კონკრეტულად ამ კანონქვემდებარე აქტებზე, რადგან მაგალითად, დღეს აზრები გაიყო ვინ შეიძლება იყოს ფერმერი, ამიტომ მნიშვნელოვანია ზუსტად მოხდეს კანონქვემდებარე აქტებში გაწერა, ვინ არის ფერმერი, რა ტიპის ფერმერები გვყავს და ა.შ

ეს არის ის დეტალები, რაც სახელმწიფოსაც და თუნდაც კერძო სექტორს და დონორ ორგანიზაციებს მისცემს უფრო მეტად თარგეტირებული პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს სამომავლოდ“,-აცხადებს bm.ge-სთან ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები