ფეროშენადნობების სექტორი უკვე მეხუთე წელია კრიზისშია. პროდუქციის გასაყიდი ფასი მსოფლიო ბაზარზე დაბალია, მაშინ როცა საქართველოში მისი წარმოების თვითღირებულება გაცილებით ძვირი ჯდება. დარგობრივი ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, საგარეო ფაქტორებს დაემატა ის, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან საწარმოებისთვის ელექტროენერგია გაძვირდა, რაც წარმოებას წამგებიანს ხდის.
ნუგზარ კევლიშვილის განცხადებით, წინა წლებში სახელმწიფო საწარმოებს „ენგურჰესის“ შეღავათიან, იაფიან ელექტროენერგიას აწვდიდა, რაც წელს აღარ მოხდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ ტარიფების გაზრდამ კი მცირე და საშუალო საწარმოების მუშაობას აზრი დაუკარგა. როგორც ნუგზარ კევლიშვილი ამბობს, შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია „ჯორჯიან მანგანეზი“, რადგან მას საკუთარი ჰიდროელექტროსადგური აქვს.
“დღესდღეობით სტაბილურად ჩვენს ქვეყანაში ორი კომპანია მუშაობს, ეს არის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ანუ (GTM) ჯორჯიან მანგანეზი და ჭიათურმანგანუმ ჯორჯია. ამ ორმა კომპანიამ შეძლო სტაბილურად ემუშავა ამ წლების განმავლობაში, რაც კრიზისი დაიწყო. დანარჩენი კომპანიების 80% გამორთულია, არც ჩართულა. ნაწილი კომპანიები ჩართვა-გამორთვის რეჟიმშია, დაახლოებით 2-3 კომპანიაა ასეთი. მძიმეა დარგში ვითარება, უკიდურესად... ფასები თითქოს მცირედით გაიზარდა, მაგრამ გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფიც, შესაბამისად აზრი დაკარგა საწარმოების ისევ ჩართვამ.
გაყიდვის პრობლემა მეწარმეებს არ აქვთ, თვითღირებულების პრობლემა აქვთ, რომელიც აღემატება გასაყიდ ფასს.
შარშან და შარშანწინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით „ენგურიდან“ მიეწოდა დარგს იაფიანი ელექტროენერგია, საკმაოდ იაფიანი, რაც პოზიტიურად აისახა საწარმოებზე. წელს სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა, რამაც კიდევ დაამძიმა ჩვენი სიტუაცია. ეს საწარმოები ელოდებოდნენ ზაფხულის პერიოდს, რომ მოხერხდებოდა იაფიანი ელექტროენერგიის მოწოდება, მაგრამ სამწუხარო რეალობაში აღმოვჩნდით. ამას უკვე დაემატა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გაზრდილი ფასი ელექტროენერგიაზე, რაც ნეგატიურად აისახება რასაკვირველია სექტორზე”,-აცხადებს ნუგზარ კევლიშვილი.
გამოწვევების მიუხედავად, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, რამაც მიწოდების ჯაჭვების რღვევა გამოიწვია, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი გაიზარდა. წელს 4 თვეში საერთაშორისო ბაზრებზე 94.6 მლნ დოლარის ფეროსილიკომანგანუმი გავიდა, რაც წლიურად 92%-იანი ზრდაა.
ფეროშენადნობების ექსპორტი: ( 2022-2026, იანვარ-აპრილი)
2022- $195,4 მლნ
2023 - $84,4 მლნ
2024 - $82,4 მლნ
2025 - $49,2 მლნ
2026 - $94,6 მლნ
ფეროშენადნობების ექსპორტიორი ქვეყნები: ( 2026, იანვარ-აპრილი)
თურქეთი - $20,6 მლნ - 18 164 ტონა
აშშ - $16,4 მლნ - 14 144 ტონა
ნიდერლანდები - $10 მლნ - 8 717 ტონა
იტალია - $7,1 მლნ - 6 185 ტონა
კანადა - $6,6 მლნ - 6 000 ტონა




























