ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ფონზე, შეცვლილი სატრანსპორტო მარშრუტები და გართულებული ლოგისტიკა შესაძლოა, ქართული ფეროშენადნობების დარგზე დადებითად აისახოს.
როგორც BMG-სთან ფეროშენადნობთა მწარმოებელი კომპანიის AMB Alloys-ის დირექტორის მოადგილე აცხადებს, მიმდინარე ომის ფონზე, ინდოეთს, რომელიც გლობალურად პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, ლოგისტიკური პრობლემები შეუქმნა.
ამ ფონზე, კომპანიაში ვარაუდობენ, რომ მოსალოდნელია, რომ ბაზარზე ფასები გაიზრდება, მეორე მხრივ, კი ქართული ფეროშენადნობების ექსპორტი გააქტიურდება.
„ბოლო პერიოდში გამოწვევები რაც იყო ფასის ვარდნა და ა.შ. განპირობებული იყო იმით, რომ ინდოეთიდან ხორციელდებოდა შედარებით დაბალფასიანი და დაბალხარისხიანი პროდუქციის მიწოდება ევროკავშირის ბაზრისთვის, ანუ ჩვენი ტრადიციული ბაზრების ათვისება ხდებოდა მათი მხრიდან. მიმდინარე მოვლენები გავლენას მოახდენს იმ გაგებით, რომ ლოგისტიკური მიმართულებით გარკვეული პრობლემებია ინდოეთიდან ტრანსპორტირების მხრივ. ძირითადი ოპერატორი კომპანიები, გადამზიდავები, პრაქტიკულად წყვეტენ იმ ტრადიციული მარშრუტებით მოძრაობას, რომლითაც ხორციელდებოდა აზიიდან, ინდოეთიდან პირდაპირი ტრანსპორტირება.
ეს იწვევს ტრანსპორტირების დროის და მანძილის ზრდას, შესაბამისად — მიწოდების ვადების გაზრდასაც. ეს ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს დადებით ფაქტორად ჩვენი სექტორისთვის, რადგან მოსალოდნელია, რომ ამ გარემოებების გათვალისწინებით პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდოს, რამაც ფასების მატებაც უნდა გამოიწვიოს.
ეს მარტივი მოცემულობაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი რეგიონი გეოგრაფიული სიახლოვის გამო ევროპასთან და თურქეთთან ახლოს მდებარეობს. შავი ზღვის მეშვეობით და თურქეთის გავლით მიწოდება ხორციელდება. თურქეთის მიმართულება ჩვენთვის პრიორიტეტულია და დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგან სწორედ თურქეთში ხორციელდებოდა ინდოეთიდან ფეროშენადნობების იმპორტი. ეს ყველაფერი ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდოს“, - აღნიშნა ილია გოგსაძემ.
AMB Alloys-ში ასევე აღნიშნავენ, რომ დარგში ამ ეტაპზე კვლავ რთული ვითარება ნარჩუნდება, რაც კვლავ რუსეთ-უკრაინის ომზე გლობალურ ბაზრებზე ფასების მკვეთრ მერყეობას უკავშირდება. ამ ფონზე კი დარგში მომუშავე საწარმოების დიდი ნაწილი გაჩერებულია.
„რაც შეეხება ფასების ზრდას, ფეროშენადნობების წარმოებას ახასიათებს გარკვეული ამპლიტუდა — ფასები პერიოდულად იზრდება და იკლებს. თუმცა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, დარგს ასეთი კრიზისი არ ახსოვს. პრაქტიკულად 4 წლის განმავლობაში დარგი უკიდურესი კრიზისის პირობებში ოპერირებს. ამან გამოიწვია ამ სფეროში მოქმედი კომპანიების დიდი ნაწილის გაჩერება. სამწუხაროდ, რუსთავში მოქმედი 5 მწარმოებელი კომპანიიდან დღეს მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ, ისიც ძალიან დიდი პრობლემების პირობებში.
პერსპექტივებს რაც შეეხება, მოთხოვნის ზრდასთან ერთად ფასებიც უნდა გაიზარდოს. ბოლო პერიოდის მოვლენები და ჩვენს თურქ პარტნიორებთან ურთიერთობა გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ უახლოეს ხანებში ფასების ზრდა დაფიქსირდება“, - განაცხადა ილია გოგსაძემ.




























