სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ფუფუნების ბრენდი Ferrari აცხადებს, რომ თამბაქოს კომპანია Philip Morris International-თან თანამშრომლობით, იტალიის სხვადასხვა რეგიონში მათი ქარხნების ნახშირბადის ნაკვალევის შესამცირებლად მოკვლევას იწყებენ - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Ferrari-ის მიერ გაცხადებული ამოცანაა, რომ 2025 წლისთვის პირველი ელექტრომობილი წარადგინოს, ხოლო 2030 წლისთვის კი სრულად ნახშირბად ნეიტრალური გახდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კვლევა, რომელსაც ორგანიზაცია PMI-სთან თანამშრომლობით ჩაატარებს.
Philip Morris-თან კოლაბორაციით კი, ავტომწარმოებელი აპირებს, განახლებადი ენერგიის გენერაციისა და შენახვის ახალი თაობის გადაწყვეტა დანერგოს.
Reuters-ის თანახმად, კომპანიების კვლევა შეეხება ერთმანეთთან 30 კილომეტრით დაშორებულ ქარხნებში - იტალიის ქალაქ მარანელოსა და კრესპანლოში არსებულ ქარხნებს, საიდანაც ნახშირბადის ემისიების შემცირება იგეგმება. Ferrari-ის ინფორმაციით, კვლევის პირველი შედეგები 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნდება და ის ენერგიის ხანგრძლივი დროით შენახვის გზებს შეისწავლის. გარდა ამისა, Ferrari მარანელოში ახალ საწარმოს ააშენებს, სადაც საოპერაციოდ საჭირო ელექტროენერგიის 5%-ს 1 მეგავატიანი ელექტროსადგური გამოიმუშავებს.
იტალიაში მოდენას პროვინციაში მდებარე Ferrari-სა და Philip Morris-ის ქარხნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა 1973 წლიდან იწყება. მარანელოში, ავტომწარმოებლის ქარხანაში, 5000-მდე ადამიანია დასაქმებული, კრესპანლოში კი Philip Morris-ი 2000-ზე მეტ პირს ასაქმებს.