"ოცნების" XI მოწვევის პარლამენტის წევრი და მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დეკლარაციას 2017 წლიდან ავსებს. BM.GE დაინტერესდა "ქართული ოცნების" პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი კანონმდებლის და პარტიის სპიკერის ქონებრივი მდგომარეობით.
2025 წლის 31 იანვარს ჩაბარებულ დეკლარაციაში მას მითითებული ჰყავს მეუღლე ნათია კუნჭულია და 2 არასრულწლოვანი შვილი.
დოკუმენტის თანახმად, მამუკა მდინარაძემ, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გასულ 2024 წელს, ჯამში 60 157 ლარის შემოსავალი მიიღო.
მისმა მეუღლემ, ნათია კუნჭულიამ კი, როგორც მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილემ, გასულ წელს, ჯამში 72 183 ლარის შემოსავალი მიიღო.
დეკლარაციის თანახმადვე, მამუკა მდინარაძეს შეძენილი არც უძრავი და არც მოძრავი ქონება არ უფიქსირდება. სამაგიეროდ, მისმა მეუღლემ, ნათია კუნჭულიამ, 2008 წლის 11 დეკემბერს ცინცაძის ქუჩაზე, 119,23 კვ.მ ფართობის ბინა ნასყიდობის გზით შეიძინა, რაშიც 170 000 ლარი გადაიხადა.
ნათია კუნჭულიას საკუთრებაშია თიანეთის რაიონში, სოფელ ხევსურთსოფელში 1509 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რაშიც ნასყიდობის გზით, 9 600 ლარი გადაიხადა. მისივე საკუთრებაშია მეორე მიწის ნაკვეთი სოფელ სიმონიანთხევში, რომლის ფართობიც 1000 კვ.მ-ია, ხოლო გადახდილი თანხა 6 000 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის მიერ შეძენილ ძვირფას ნივთებს, 2010 წელს მან გუდიაშვილის ნახატი (ფურცელზე შესრულებული, ფანქრით) შეიძინა, რაშიც ნასყიდობის გზით, 2 000 ლარი გადაიხადა. ასევე 2013 წელს შეიძინა ბაღდავაძის მიერ შესრულებული ტილო, რაშიც ნასყიდობის გზით, 1 000 დოლარი გადაიხადა. 2014 წელს ბაღდავაძის შესრულებით კიდევ ორი ფერწერული ტილო შეიძინა, რაშიც $1700 და $1500 გადაიხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს 2022 წელს იპოთეკური სესხი უფიქსირდება 120 000 ლარის ოდენობით, რომლის მომსახურებაშიც წლიურად 16 415 ლარი გადაიხადა.
TBC ბანკში კიდევ ერთი სესხის მომსახურებაში 3 342 ლარი აქვს გადახდილი და სამომხმარებლო სესხის მოცულობა 20 000 ლარია.
ინფორმაციისთვის, 2016 – 2020 წლებში მამუკა მდინარაძე საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდი დიღმის მაჟორიტარი) იყო. 2016-2019 წლებში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.