მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფესტივალი Tomorrowland ერთჯერადი ჭიქების გამოყენებისთვის, სავარაუდოდ, €2 მლნ-ით დაჯარიმდება

ჯარიმა

ელექტრონული მუსიკის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი Tomorrowland წლევანდელ ღონისძიებაზე ერთჯერადი ჭიქების გამოყენების გამო დაჯარიმდა - ჯარიმის ოდენობამ, შესაძლოა, €2 მილიონს მიაღწიოს.

საქმე ისაა, რომ ბელგიის იმ ნაწილში, რომელშიც მუსიკალური ფესტივალი 19-დან 28 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, სტუმრებისთვის ერთჯერადი ჭიქების შეთავაზება დაუშვებელია - ღონისძიების ორგანიზატორებმა სასმლისთვის მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელი უნდა გაითვალისწინონ, რომლებიც გადამუშავებული მასალისგანაა დამზადებული - აღნიშნული რეგულაცია ანტვერპენში 2023 წლიდან მოქმედებს.

Tomorrowland-ზე მრავალჯერადი გამოყენების ჭიქები მხოლოდ რამდენიმე ზონაში, მათ შორის VIP სივრცეში იყო ხელმისაწვდომი.

Flemish Environmental Agency, რომელიც ფესტივალს უჩივის, Euronews-თან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება, Tomorrowland-ის საკითხი სამოქალაქო განხრით განიხილება, თუ - სისხლის სამართლის.

სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ ჯარიმის ოდენობა, რომელიც, სავარაუდოდ, ისედაც აღწევს €2 მილიონს, შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს და Tomorrowland-ს იმ თანხის გადახდა დაეკისროს, რაც მან ერთჯერადი ჭიქების გამოყენებით დაზოგა.

Euronews-ის ინფორმაციით, ფესტივალის ორგანიზატორებმა ბელგიის გარემოს დაცვის სააგენტოს მარაგში არსებული ერთჯერადი ჭიქების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მიმართა, რაზეც სააგენტომ ორგანიზატორებს უარი განუცხადა. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2023-24 წლების ფესტივალისთვის Tomorrowland-მა წინასწარ, 2022 წელს, შეიძინა ერთჯერადი ჭიქები, მარაგში კი 3 მილიონზე მეტი ერთეული დარჩა. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ არსებული მარაგის გახარჯვა გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნებოდა, ვიდრე ახალი მარაგების შეძენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები