მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

FIFA მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშგარე სიტუაციების დასარეგულირებლად 3D ტექნოლოგიას გამოიყენებს

FIFA 3D ტექნოლოგიები

FIFA-მ გამოაცხადა, რომ მომავალი ზაფხულის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ნახევრად ავტომატური თამაშგარე გადაწყვეტილებების სიზუსტის გასაუმჯობესებლად. ეს ერთ-ერთია იმ ახალი AI-ფუნქციებიდან, რომლებიც ტურნირზე დაინერგება.

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ტექნოლოგიური პარტნიორი, Lenovo, ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ფეხბურთელის "AI-ზე დაფუძნებულ 3D ავატარს“ შექმნის, რაც არსებულ თამაშგარე ტექნოლოგიას საშუალებას მისცემს, მოთამაშეების მოძრაობა თამაშის მიმდინარეობისას ზუსტად დააფიქსიროს, მათ შორის სწრაფი ან ნაწილობრივ დაფარული მოძრაობების დროსაც.

“მომავალ გლობალურ საფეხბურთო შოუზე მონაწილე ფეხბურთელები ციფრულად დასკანირდებიან, რათა შეიქმნას ზუსტი 3D მოდელი. სკანირება დაახლოებით ერთ წამს გრძელდება და სხეულის ნაწილების უაღრესად ზუსტ ზომებს აფიქსირებს, რაც სისტემას საშუალებას აძლევს, მოთამაშეები საიმედოდ გააკონტროლოს სწრაფი ან დაბლოკილი მოძრაობების დროს. 3D მოდელები ტრანსლაციაში ინტეგრირდება, რაც ვიდეოასისტენტი მსაჯის (VAR) მიერ მიღებულ თამაშგარის გადაწყვეტილებებს უფრო რეალისტურად და დამაჯერებლად წარმოაჩენს სტადიონზე მყოფი და ტელემაყურებელი გულშემატკივრებისთვის მთელ მსოფლიოში“ - აცხადებენ FIFA-ში.

ტექნოლოგია გასულ წელს ინტერკონტინენტურ თასზე გამოიცადა, სადაც დეკემბერში “Flamengo-სა” და “Pyramids FC-ის” შეხვედრის წინ ფეხბურთელები წინასწარ დასკანირდნენ.

FIFA-მ ტესტი წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ ტექნოლოგიამ “აჩვენა თავისი შესაძლებლობები და მზადყოფნა მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯების მხარდასაჭერად“.

ნახევრად ავტომატური თამაშგარის ტექნოლოგია (SAOT) უკვე გამოყენებული იყო ორ მსოფლიო ჩემპიონატზე კატარი 2022 და 2023 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში და წარმოადგენს VAR-ის ინსტრუმენტს, რომელიც თამაშგარის გადაწყვეტილების მიღების პროცესის მთავარ ელემენტებს ავტომატიზებს, რათა პროცესი უფრო სწრაფი გახდეს.

ეს ძირითადი ელემენტებია "დარტყმის მომენტი“ და შესაბამისი მცველისა და თავდამსხმელის პოზიციონირება. ხელოვნური ინტელექტი გადაწყვეტილების სრულ სურათს ქმნის მრავალი კამერის საშუალებით, რომლებიც მოთამაშეების სხეულის სხვადასხვა წერტილს აკვირდებიან, ხოლო სისტემა ასევე დაკავშირებულია მატჩის ბურთთან.

FIFA-მ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა გუნდს ექნება წვდომა Lenovo-ს “გენერაციულ AI ცოდნის ასისტენტზე“, რომელიც მილიონობით მონაცემზე დაყრდნობით “ტექსტს, ვიდეოს, გრაფიკებსა და 3D ვიზუალიზაციებს“ ქმნის. მაგალითად, ამ ხელსაწყოს გამოყენება შესაძლებელი იქნება გუნდის ბოლო ათი კუთხურის საჩვენებლად.

ნაკრებებს ამ სისტემაზე წვდომა ექნებათ მატჩამდე და მატჩის შემდეგ, მაგრამ არა თამაშის მიმდინარეობისას იმისთვის, რომ პირველი 48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მეტოქეებს შორის თანაბარი პირობები შენარჩუნდეს. ამ ტურნირზე მსოფლიო ჩემპიონატზე დებიუტანტები, მათ შორის კურასაო და კაბო-ვერდე, შეეჯიბრებიან ტრადიციულ გრანდებს, როგორებიც არიან ბრაზილია, გერმანია და საფრანგეთი.

გასული ზაფხულის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული ტესტირების შემდეგ, FIFA მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს მსაჯების კამერების კადრების დასტაბილურებისა და გაუმჯობესებისთვის, რაც, ორგანიზაციის თქმით, სატელევიზიო მაყურებლისთვის უფრო გამჭვირვალე და ხარისხიან სანახაობას უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები