საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თბილისს 13 ნოემბერს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ეწვევა. მასთან ერთად საქართველოში ორგანიზაციის სხვა მაღალჩინოსნებიც ჩამოვლენ. მათ შორის, ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი იური ჯორკაეფი, ფედერიკო რავილიონე, ელხან მამდოვი და მარკო ფერი.
შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაცნობა, მათ შორის “ავაზას” ყოფილ ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების მონახულება, რომელიც სწორედ FIFA-ს თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ინფანტინო ეწვევა “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონს და ამავდროულად ცალკე შეხვედრებს გამართავს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან.
ცნობისთვის გეტყვით, რომ ინფანტინო 2016 წლიდან FIFA-ს პრეზიდენტია, ხოლო მანამდე უეფას გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა.