FIFA-ს პრეზიდენტი, ჯანი ინფანტინო მიიჩნევს, რომ რუსეთს საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში, მათ შორის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება ისევ უნდა მიეცეს.
ინფანტინოს შეფასებით, ქვეყნის ბოიკოტი და მისთვის შეზღუდვების დაწესება სიძულვილს კიდევ უფრო აღვივებს და ფეხბურთს, როგორც გამაერთიანებელ სპორტს აკნინებს.
“თუნდაც დასაწყისისთვის, თუ რუს გოგო-ბიჭებს ევროპულ ჩემპიონატებში მონაწილეობის ნებას დავრთავთ, ეს საკმაოდ პოზიტიური სიგნალი იქნება” - აცხადებს FIFA-ს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთს საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო აუკრძალა, თუმცა ქვეყანა ორგანიზაციიდან არ გაუგდიათ. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან ფედერაციამ შეზღუდვები მცირედით შეამსუბუქა და ახალგაზრდულ გუნდებს მონაწილეობის უფლება მისცა.
ჯანი ინფანტინოს განცხადებას უკვე მოჰყვა კრიტიკა უკრაინიდან და მისი მოკავშირე სახელმწიფოებიდან. კერძოდ, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრი სიბიჰამ FIFA-ს პრეზიდენტის ინიციატივა მკაცრად დაგმო და თქვა, რომ როცა უკრაინელი ბავშვები იხოცებიან, რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, მსგავს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა მიიღოს. აღსანიშნავია, რომ ინფანტინო კრიტიკის ქარცეცხლში ბოლო კვირების განმავლობაში უკვე მეორედ გაეხვია. თავდაპირველად, მისდამი უკმაყოფილება გამოიწვია პრეზიდენტ ტრამპისთვის FIFA-ს მშვიდობის პრემიის გადაცემამ, რაც ფეხბურთის მოყვარულთა ნაწილმა უარყოფითად აღიქვა. ცალკე გამოწვევა შექმნა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის გერმანიის მიერ მსოფლიო თასისთვის ბოიკოტის გამოცხადების იდეის გაჟღერებამ. სახელმწიფოების საფეხბურთო ფედერაციებში მიიჩნიეს, რომ როცა აშშ დანიის ავტონომიური ერთეულის, გრენლანდიის მისაკუთრებას ცდილობს, დაუშვებელია, ამავე ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე ჩემპიონატში მონაწილეობა. თუმცა, საბოლოოდ მონაწილეობა ყველა ქვეყანამ დაადასტურა, რასაც წინ ტრამპის მიერ გრენლანდიის მიმართ პრეტენზიების შემსუბუქება უძღოდა.




























