ლონდონში FIFA-მ სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა. ხმის მიცემისას გათვალისწინებული იყო პერიოდი 2022 წლის 19 დეკემბრიდან 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო პროცედურაში ჩართული იყვნენ მედია, ფანები, ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები და კაპიტნები, რომელთაგან თითოეულის “ხმის წონა” 25%-ით იყო შეფასებული.
აღსანიშნავია, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესოთა შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამოკითხვაში მეათე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ხვიჩა მესამე პოზიციაზე გაიყვანა, ხოლო მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და მედიის წარმომადგენელმა ზურაბ ფოცხვერიამ საერთოდაც პირველი ადგილი მიაკუთვნეს.
აღსანიშნავია, რომ კარიერაში მესამედ, წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდა, რომელმაც კონკურენციაში ერლინგ ჰალანდსა და კილიან მბაპეს აჯობა. არგენტინელს და ნორვეგიელს თანაბარი 48-48 ქულა ერგოთ, თუმცა უპირატესობა მესიმ უფრო მეტი პირველი ადგილის მინიჭებით მიიღო. რაც შეეხება მბაპეს, მან 35 ქულით მესამე ადგილი დაიკავა.
მთლიანობაში 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:
ლიონელ მესი – 48* ქულა; ერლინგ ჰალანდი – 48 ქულა; კილიან მბაპე – 35 ქულა; კევინ დე ბრუინი – 32 ქულა; ვიქტორ ოსიმენი – 24 ქულა; როდრი – 24 ქულა; ხულიან ალვარესი – 21 ქულა; ბერნარდო სილვა – 18 ქულა; ილქაი გიუნდოგანი – 13 ქულა; ხვიჩა კვარაცხელია – 7 ქულა.
რაც შეეხება დანარჩენ ნომინაციებს წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ბარსელონას" ფეხბურთელი აიტანა ბონმატი დასახელდა, ხოლო მწვრთნელებს შორის პირველობა "მანჩესტერ სიტისთან" ერთად ტრებლის მომგებ პეპ გვარდიოლას ერგო.
ამავე დაჯილდოებაზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც და ქალ მეკარეებად ედერსონ მორაესი და მერი ერპსი გამოირჩნენ.