მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფილიალებს კიდევ გავხსნიდით, შესაბამისი რაოდენობის კადრი რომ გვყავდეს“- მეორეული ტანსაცმლის მაღაზია

marina shop

მეორეული ტანსაცმლის მაღაზია „შოპ მარინას“ დამფუძნებელი, მარიკა ტაველიძე BM.GE-სთან სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღებას კადრების დეფიციტზე ამახვილებს და აცხადებს, რომ დეფიციტს თავადაც განიცდიან.

„ჩვენ კიდევ ბევრი ფილიალს გავხსნიდით, შესაბამისი რაოდენობის კადრი რომ გვყავდეს. იმის მიუხედავად, რომ ანაზღაურება საქართველოს ბაზრისთვის საკმაოდ კარგი გვაქვს, სექტორში კადრის ყოლა გამოწვევაა და არ გვყოფნის. ამ ეტაპზე 50-მდე ადამიანი გვყავს დასაქმებული.

რაც შეეხება ფასებს, ეს არის მეორადი ტანსაცმელი, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად დაბალი ფასი შევინარჩუნოთ“, - აცხადებს ტაველიძე.

„შოპ მარინას“ თბილისში ორი მაღაზია აქვს. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, მათ მეორეული ტანსაცმელი თურქეთიდან შემოაქვთ, რომელიც ევროპაში გროვდება, შემდეგ კი თურქეთში ტრანსპორტირდება და იქ იწმინდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2023 წელს ქვეყანაში 40 მლნ 745 ათასი დოლარის ღირებულების 10 642 ტონა ნახმარი ტანსაცმელი შემოვიდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, იმპორტის ღირებულება წლიურად 18%-ით გაიზარდა, მოცულობა კი მცირედით - 2.2%-ით შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ გასულ წელს საერთაშორისო ბაზარზე მეორეული ტანსაცმლის ღირებულება გაიზარდა.

სტატისტიკა ადასტურებს, რომ მეორეული ტანსაცმლის იმპორტი ბოლო წლების განმავლობაში მზარდია და წელს ღირებულების მხრივ მაქსიმუმზეა. მეორეული ტანსაცმლის ძირითადი საიმპორტო ქვეყანა საქართველოსთვის თურქეთია, რომელზეც გასულ წელს იმპორტის თითქმის ნახევარი მოდიოდა. უმსხვილესი 10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

  1. თურქეთი - $16.8 მლნ, 4 751 ტონა;
  2. აშშ - $7 მლნ, 479 ტონა;
  3. გაერთიანებული სამეფო - $2.8 მლნ დოლარი, 1 004 ტონა;
  4. ნიდერლანდები - $2.5 მლნ, 548 ტონა;
  5. ბელგია - $2 მლნ, 680 ტონა;
  6. გერმანია - $1.2 მლნ, 286 ტონა;
  7. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.2 მლნ, 442 ტონა;
  8. იტალია - $1.1 მლნ, 339 ტონა;
  9. პოლონეთი - $1 მლნ, 351 ტონა;
  10. ესპანეთი - $976 ათასი, 233 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა ნახმარი ტანსაცმელი და ნაწარმი ინდოეთიდან, პაკისტანიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან, იორდანიიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები