მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფილიპინები 60 წელს ქვემოთ ასაკის ადამიანებში AstraZeneca-ს გამოყენებას აჩერებს

606eb03f31b1f
თათია კაკიაშვილი
08.04.21 11:47
1251
ფილიპინები 60 წელს ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას აჩერებს. მიზეზი AstraZeneca-ს მიერ წარმოებული  პრეპარატის თრომბის გამოწვევასთან შესაძლო კავშირია. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს. 

ევროპის წამლის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, თრომბი AstraZeneca-ს მიერ წარმოებული პრეპარატის თანამდევ ეფექტად დასახელდა.

„ეს დროებითი შეჩერება არ ნიშნავს, რომ ვაქცინა უსაფრთხო ან ეფექტიანი არაა. ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სიფრთხილის მაქსიმალურ ზომებს მივმართავთ თითოეული ფილიპინელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ფილიპინების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის უფროსმა როლანდო ენრიკე დომინგომ.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის, იმედოვნებს, რომ მოსახლეობის ვაქცინაციის დაჩქარება ხელს შეუწყობს საავადმყოფოებზე წნეხის შემსუბუქებას და პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ფილიპინებს COVAX–ის საშუალებით 525,600 დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა აქვს მიღებული; კერძო სექტორის მიერ შეძენილ 2.6 მილიონ დოზას კი ქვეყანა მომდევნო თვეში მიიღებს. ამასთან, ფილიპინებში მოსახლეობის აცრა 1 მარტს ჯანდაცვის მუშაკებით დაიწყო, მოგვიანებით კი ქვეყნის მოწყვლადი ჯგუფებიც აიცრა. ამ დროისთვის ქვეყანაში 923,000 დოზა ჩინური Sinovac-ის, Biotech-ის და AstraZeneca ვაქცინაა გამოყენებული და 108 მილიონი მოქალაქიდან 70 მილიონი უკვე აცრილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები