ირანის ომის ფონზე, ფილიპინები მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ენერგეტიკული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოს უმცროსმა განაცხადა, რომ ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი. მიზეზად მან ქვეყნის ენერგომომარაგების "ხელმისაწვდომობისა და სტაბილურობის წინაშე არსებული გარდაუვალი საფრთხე" დაასახელა.
აშშ-ისრაელის ომმა ირანთან და საკვანძო სავაჭრო მარშრუტის, ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ, გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე შოკური ტალღები გამოიწვია, რასაც დეფიციტი და ფასების ზრდა მოჰყვა.
ფილიპინები ნავთობის 98%-ს სპარსეთის ყურიდან იღებს. 28 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში დიზელისა და ბენზინის ფასი ორჯერ გაიზარდა.
სამშაბათს მარკოსმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკული სტაბილურობისა და ფართო ეკონომიკის დასაცავად შესაბამისი ზომები მისაღებად მთავრობას იურიდიულ უფლებამოსილებას მისცემს.
ბრძანების ფარგლებში შეიქმნა კომიტეტი, რომელიც საწვავის, სურსათის, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი საქონლის მოწესრიგებულ განაწილებას გაუწევს ზედამხედველობას.
მთავრობას ასევე მიეცა უფლება, მარაგების შესავსებად საწვავი და ნავთობპროდუქტები პირდაპირ შეისყიდოს.
საგანგებო მდგომარეობა ერთი წლის განმავლობაში იმოქმედებს, თუ პრეზიდენტმა ის არ გაახანგრძლივა ან არ გააუქმა.




























