მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა მინისტრი საპარტნიორო ფონდის გაუქმების იდეას არ ემხრობა

60e31559cff8a
თელარა გელანტია
06.07.21 09:00
725
„საპარტნიორო ფონდის მომავალი მის რეფორმაზე უნდა იყოს დაფუძნებული“, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა #ForbesTalks-ის კითხვას, რომელიც საპარტნიორო ფონდის სამომავლო საქმიანობას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ უკვე მეოთხე წელია, რაც მთავრობა საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. Bm.ge-ის ინფორმაციით, განიხილება როგორც ფონდის გაუქმება, ისე - რეფორმირება. ამ მხრივ, ერთ -ერთ საკვანძო საკითხს დაფინანსების წყაროზე შეჯერება წარმოადგენს. არაა გამორიცხული, რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. ამ დროის განმავლობაში კი, საპარტნიორო ფონდს, IMF-ის რეკომენდაციით ახალი საინვესტიციო პროექტების დაწყება აკრძალული აქვს.

- ბატონო ლაშა, ფაქტია, საპარტნიორო ფონდის რეფორმა „გაჭედილია“... როგორია თქვენი პოზიცია - ქვეყანას საერთოდ სჭირდება თუ არა საპარტნიორო ფონდი თუ უნდა გაუქმდეს?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის რეფორმა, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს საპარტნიორო ფონდი და ჩემი შეფასებით, არსებითად მისი მომავალი სწორედ ამ რეფორმაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ ნაწილში მნიშვნელოვანია საპარტნიორო ფონდში კორპორაციული მართვის სტანდარტები განხორციელდეს.

- როგორც ვიცით, მიმდინარეობს საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების და კომპანიების ფონდისგან გამოყოფა. რა რჩება მას?

- მას მაინც აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი აქტივები, რომელსაც განკარგავს... ასევე, სამწუხაროდ, აქვს ვალდებულებები და შესაბამისად, ამ ვალდებულებებსაც სჭირდება მომსახურება...

- ანუ საპარტნიორო ფონდის გაუქმებას არ ემხრობით?

- ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მისი რეფორმირება და შესაბამისად, იქნება გადაწყვეტილება მიღებული.

- მეოთხე წელია მიდის ფონდის რეფორმირება...

- ვადები ყოველთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ხარისხის ხარჯზე; ამასთან, როდესაც ვსაუბრობთ კორპორაციული მართვის სტანდარტებზე, ეს იქნება სახელმწიფო საწარმო თუ ეს იქნება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი, მნიშვნელოვანია, სოციალური ტიპის დანახარჯები და საინვესტიციო საქმიანობა მკაფიოდ იქნას გამიჯნული - სოციალური ტიპის დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა იქნას გაწული და არა - საინვესტიციო ფონდიდან. 






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები