ფინანსთა სამინისტრო ნოემბრის ბოლოს 2025 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენას გეგმავს - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა ერთდროულად წარადგენს როგორც მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტს, ასევე მომდევნო წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტს.
ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს მეორე წარდგენის სახით 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე გაუგზავნა და მისი განხილვა დღეს დაიწყო, თუმცა შინაარსობრივად აღნიშნული დოკუმენტი წინა წარდგენის პროექტის იდენტურია. ფინანსთა სამინისტრო მის რეალურად განახლებულ პარამეტრებს პარლამენტს მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტთან ერთად წარუდგენს.
"დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტი იგივე პარამეტრებისაა, რაც წინა წარდგენის ბიუჯეტი, ვინაიდან ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ როგორც 2026 წლის პარამეტრების დაზუსტებაზე, ასევე მიმდინარე წლის ბიუჯეტის პარამეტრების დაზუსტებაზე. შესაბამისი ცვლილებები იქნება წარმოდგენილი ორი კვირის ვადაში. ის შენიშვნები, რომლებიც პარლამენტის მხრიდან იქნა ბიუჯეტთან დაკავშირებით ამჟამად ვმუშაობთ და ვფიქრობთ რომ დიდი ნაწილი იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
2025 წლის ბიუჯეტის კორექტირების საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც გაირკვა რომ ბიუჯეტის ათვისება გეგმას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. 2025 წლის 9 თვეში საქართველოს მთავრობამ 20.7 მილიარდი ლარის ნაცვლად 19.3 მილიარდი ლარი აითვისა, რაც გეგმის 93.3%-ია. გეგმით განსაზღვრულსა და ფაქტობრივ შესრულებას შორის სხვაობა 1.4 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, დაბალი ათვისების მქონე პროგრამებიდან მთავრობა თანხების იმ პროექტებზე გადატანას განიხილავს, სადაც ათვისების მაჩვენებლები უფრო მაღალია.
2025 წლის ბიუჯეტის ათვისება მხარჯავი უწყებების მიხედვით ფაქტობრივი ათვისება 9 თვის გეგმასთან მიმართებით:
| მხარჯავი უწყება | ფაქტობრივი ათვისება 2025 წლის 9 თვის განმავლობაში | შესრულება 9 თვის გეგმასთან მიმართებით |
| ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | 6,585,923,048 | 100% |
| განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | 2,057,970,485 | 91% |
| რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | 1,761,241,762 | 91% |
| საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | 1,221,810,791 | 89% |
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო | 996,765,635 | 95% |
| გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო |
579,030,088 | 93% |
| ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო |
474,897,837 | 67% |
| საქართველოს იუსტიციის სამინისტრო | 263,041,517 | 83% |
| საქართველოს სპორტის სამინისტრო | 240,429,234 | 96% |
| საქართველოს კულტურის სამინისტრო | 174,704,841 | 73% |
| სახელმწიფო უსაფრთოების სამინისტრო | 150,968,644 | 86% |
| საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო | 143,819,126 | 88% |
| სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური | 80,133,759 | 91% |
| საქართველოს ფინანსთა სამინისტრო | 79,600,993 | 82% |
| პარლამენტი | 59,265,334 | 73% |
| მთავრობის ადმინისტრაცია | 15,987,399 | 63% |




























