მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსთა სამინისტრო მოსალოდნელი ფისკალური სირთულეების გამო ალტერნატიულ გზებს ეძებს - გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ობლიგაციების ბაზარზე გააქტიურებას მოსალოდნელ ფისკალურ გამოწვევებსა და საბიუჯეტო დეფიციტის დაზღვევის მცდელობას უკავშირებს. როგორც ის BMG-სთან აცხადებს, უწყება სავარაუდოდ, ემზადება სცენარისთვის, სადაც ტრადიციული საგადასახადო შემოსავლები შეიძლება, არასაკმარისი აღმოჩნდეს.

მთავრობა ლარის ობლიგაციების დიდ გამოშვებას და ამ გზით, საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებისგან კაპიტალის მოზიდვას გეგმავს. ფინანსთა მინისტრის ამბობს, რომ ამ ტიპის ფასიანი ქაღალდების მიმართ დაინტერესება უკვე ბევრმა კომპანიამ გამოთქვა. ემისიის მოცულობა ჯერჯერობით უცნობია, ასევე, უცნობია, დაილისტება თუ არა ეს ფასიანი ქაღალდები რომელიმე ბირჟაზე, თუმცა, მოლოდინია, რომ განთავსება მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება.

ხიშტოვანის თქმით, გასული წლის გამოცდილება, როდესაც სამინისტროს ეროვნული ბანკის დივიდენდების გამოყენება დასჭირდა, მიანიშნებს იმაზე, რომ ბიუჯეტის შესრულება მარტივი არ იქნება.

„უპირველესი მიზეზი ამ გააქტიურების არის ის განცდა ფინანსთა სამინისტროში, რომ შეიძლება წელი აღმოჩნდეს ფისკალურად რთული და ფინანსთა სამინისტროც ფიქრობს ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე უშუალოდ საბიუჯეტო ხარჯების დასაფინანსებლად. ჩვენ გვახსოვს შარშან როგორ დასჭირდა მას ეროვნული ბანკის დივიდენდები, 400 მილიონზე მეტი მიიღო მისგან და ასევე როგორ გაუჭირდა ბიუჯეტის საგადასახადო გეგმის შესრულება,“ - ამბობს ხიშტოვანი.

მისივე თქმით, ევროობლიგაციების რეფინანსირებისას დაფიქსირებულმა მაღალმა მოთხოვნამ მთავრობას ახალი ინსტრუმენტის გამოყენების სტიმული მისცა - თუ შემოსავლების ნაწილში ჩავარდნა იქნება, სამინისტრო ლარში ან დოლარში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოიყენებს დანაკლისის კომპენსაციისთვის.

ხიშტოვანი ასევე აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მკაცრი რეაქცია ეროვნული ბანკიდან ბიუჯეტში 700 მილიონი ლარის გადარიცხვაზე, წელს ამ გზის გამოყენებას პრაქტიკულად გამორიცხავს.

„საგადასახადო შემოსავლების ზრდა მხოლოდ 5%-ია დაგეგმილი, რაც ძალიან უცნაურია. თუ წელი იქნება იმაზე რთული, ვიდრე დაგეგმილია - და გეგმა არის საკმაოდ ფრთხილი - ფინანსთა სამინისტროს გაუჩნდა შანსი, რომ დანაკლისი ობლიგაციების გამოშვებით აანაზღაუროს. არსებობს ნიშნები, რომ შემოსავლები დააკლდება. შარშან მოგების გადასახადის გეგმა 200 მილიონით შემცირდა, ასევე სირთულეები იყო გრანტებისა და საერთაშორისო კრედიტების ნაწილში“, - განმარტავს გიორგი ხიშტოვანი.

ეკონომისტი პოლიტიკურ კონტექსტზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს პირდაპირი დავალება მმართველი გუნდისგან, რათა მოიძებნოს დაფინანსების უცხოური წყაროები, რათა თავიდან იქნას აცილებული შიდა ბაზრიდან ლიკვიდობის ამოღება.

„სამინისტროს შეუძლია ობლიგაციები ლარშიც გამოუშვას, რომელსაც პირდაპირ ქართულ ბანკებს მიჰყიდის, მაგრამ ეს ნიშნავს ფაქტობრივად ეკონომიკიდან თანხის ამოღებას. ამიტომაც, დავალება არის, რომ ეს თანხები იქნას მოზიდული უცხოეთიდან. ეს არის საინტერესო მცდელობა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დანაკლისი ამოივსოს ობლიგაციების გამოშვების შედეგად მიღებული უცხოური დაფინანსებით,“ - აღნიშნავს გიორგი ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები