მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ფინანსურ დანაშაულში" მსჯავდებულ პირს ქვეყნის დატოვება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობით ან/და კომპენსაციის გადახდის შემდეგ შეეძლება

პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილება განიხილა და მხარი დაუჭირა.

ცვლილებით მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა ეკრძალება არა გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად შესაბამისი საკანონმდებლო ჩანაწერის მიხედვით, თუ ამისთვის უკვე არსებობს სამი წინაპირობა.

„პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ „სისხლის სამართლის კოდექსის“ კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. საუბარია ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც არის: თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება თუ განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ. მეორე პირობის თანახმად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი.

კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ დაზარალებული, თავის მხრივ, წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის აღსრულების უზრუნველსაყოფად აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოების დაწყების შესახებ აცნობებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ასევე, შესაბამისი ცნობა გაიგზავნება დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს შესაბამისი ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის, საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესრულებას.

"ქართული ოცნება" ფინანსურ დანაშაულთან დაკავშირებით კანონმდებლობას უფრო ამკაცრებს და პირს ქვეყნის დატოვება შესაძლოა სამუდამოდ აეკრძალოს თუ დაზარალებულს მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურა. ცვლილებები შევა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც 3 სექტემბერს უკვე გამკაცრდა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის სწრაფი და ეფექტური ანაზღაურებისთვის მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლის აკრძალვა დაეკისრება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელ განაჩენში მითითების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ მოსამართლეს აღარ ექნება უფლება გადაწყვიტოს, ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვას ჩაწერს თუ არა განაჩენში. აღსანიშნავია, რომ ბოლოს მიღებული ცვლილებებით ქვეყნის დატოვებაზე აკრძალვა მხოლოდ 16 წლით იყო განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები