მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ფინანსურ დახმარებაზე უარი EU-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ ერთ ზიანს მიაყენებს - გახარიას პარტია

612e128d88a8f
თელარა გელანტია
31.08.21 15:27
611
„სამწუხაროა, მათ არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას“, - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, უარი თქვას ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე.

„როდესაც ევროკავშირის ასეთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ქვეყნის მმართველი ძალა საუბარს იწყებს ქვეყნისათვის ამ ფინანსური რესურსის საჭიროებაზე - ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, ვინაიდან ისინი უბრალოდ ამბობენ, რომ არ ესმით არსი, იმ ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზიანისა, რაც ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.

როდესაც პოლიტიკურზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ვგულისხმობ იმ ნეგატიურ ფონს, რომელსაც კიდევ უფრო ვამძაფრებთ ევროკავშირთან ურთიერთობაში. როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია მნიშვნელოვანია ყველა ინვესტორისთვის, თუ როგორი გზავნილები და დამოკიდებულება ექნება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ჩვენს მიმართ. ძალიან სამწუხაროა, რომ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანამ არ გადადგას ქმედითი ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისთვის, მმართველი ძალა მზადაა ასეთი სერიოზული ზიანი და დარტყმა მიაყენოს, არამხოლოდ ქვეყანას, არამედ თითოეული ჩვენს მოქალაქეს“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

გიორგი გახარიას პოლიტიკური მრჩეველი აღნიშნავს, რომ ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს.

„ჩვენ ისიც ვიხილეთ რომ, ნაციონალურ მოძრაობასაც მსგავსი გადაწყვეტილება მიუღია და ისინი აქტიურად მუშაობენ, როგორც მათი ლიდერის განცხადებიდან შევიტყვეთ, იმისთვის, რომ ქვეყანამ ეს ტრანში არ მიიღოს. ბუნებრივია ჩვენ არ გვიკვირს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ პოზიციები და ინტერესები ემთხვევა - ეს არის ძალიან სამწუხარო და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 2 ოქტომბერს ჩვენმა მოქალაქეებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღონ.
მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები სერიოზულად დაზიანდა და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელსაც კიდევ ერთ მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა EU-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს ამბობს. აღნიშნული დღეს თავად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა. საუბარია, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე, რომელიც სულ 150 მილიონი ევროს მოცულობისაა და საიდანაც პირველი ნახევარი ქვეყანამ 2020 წლის ნოემბერში მიიღო, მეორე ნახევრის ჩარიცხვას კი საქართველოს მხრიდან შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილება ესაჭიროებოდა.

მთავრობის მეთაური ირწმუნება, რომ საქართველოს 75 მლნ ევროს სესხის აღების საჭიროება არ აქვს. იგივე გაიმეორა დღეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები