მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საერთაშორისო სერტიფიცირების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა ამოქმედდა

პროგრამა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის „სავაჭრო წვდომისა და სერტიფიცირების მხარდაჭერის პროგრამა“ ამოქმედდა. ინიციატივის მიზანია ადგილობრივი კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესება და უცხოურ, მათ შორის ევროპულ ბაზრებზე პროდუქციისა და მომსახურების გატანის ხელშეწყობა.

პროგრამის ფარგლებში ბიზნესებს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის, ხარისხის სერტიფიკატების მიღების, აკრედიტაციისა და პროდუქტის ლიცენზირების პროცესის დაფინანსებაში თანადაფინანსება შეეძლებათ. მხარდაჭერა მოიცავს ისეთ სტანდარტებს, როგორიცაა ISO 9001, ISO 14001, ISO 22000, GLOBALG.A.P. და BSCI. სამკერვალო სექტორისთვის გათვალისწინებულია OEKO-TEX-ისა და GOTS-ის მიმართულებები, ასევე CE მარკირებისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.

პროგრამის პირობებით, გრანტი პროექტის სრული ღირებულების მაქსიმუმ 90%-ს შეადგენს, თუმცა თითოეული საწარმოსთვის დაფინანსების ზედა ზღვარი 4,500 აშშ დოლარია. დარჩენილი, სულ მცირე, 10% ბიზნესმა თავად უნდა დააფინანსოს ფულადი თანამონაწილეობის სახით.

თანადაფინანსების თანხა პირდაპირ ბენეფიციარ კომპანიას არ გადაეცემა. დამტკიცების შემთხვევაში, UNDP თანხას უშუალოდ სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებლის ბიზნესანგარიშზე ჩარიცხავს. პროექტით გათვალისწინებული აქტივობები 10-12 თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სოფლის მეურნეობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და წარმოების, ასევე მომსახურების გარკვეულ სფეროებში მოქმედ კომპანიებს. მათ შორისაა ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული და ტექნიკური საქმიანობა, განათლება, ჯანდაცვა, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურებები.

ამასთან, პროგრამა არ ვრცელდება ტურიზმის, უძრავი ქონებისა და მშენებლობის სექტორებზე. მონაწილეობის უფლება არ აქვთ ფიზიკურ პირებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი კომპანია საქართველოში განაცხადის შეტანამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე უნდა იყოს რეგისტრირებული და ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებდეს პროდუქციას ან ახორციელებდეს მომსახურებას. ამასთან, კომპანიის მინიმუმ 50%-იან წილს საქართველოს რეზიდენტი ფიზიკური ან იურიდიული პირი უნდა ფლობდეს.

საკვალიფიკაციო კრიტერიუმებში ასევე შედის კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი - ბოლო ერთი წლის წლიური შემოსავალი 50 ათასი ლარიდან 60 მილიონ ლარამდე უნდა იყოს. გარდა ამისა, განმცხადებელი არ უნდა ირიცხებოდეს მევალეთა რეესტრში და მის მიმართ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება.

პროგრამის ფარგლებში ჯამში 40 მცირე და საშუალო საწარმოს დაფინანსებაა დაგეგმილი. განაცხადების შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს ადმინისტრაციულ შემოწმებასა და ტექნიკურ შეფასებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები