კომპანია სოკარმა მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად შემოწირულობის ფონდი გახსნა, რომელშიც ამ დროისთვის 55 მილიონი ლირაა მობილიზებული.
თუმცა, ფონდის გახსნის გარდა, კომპანიამ არაერთი აქტივობა დაგეგმა და განახორციელა. პროცესში, მოხალისეების სტატუსით, აქტიურად არიან ჩართულები სოკარის თანამშრომლებიც.
პირველ რიგში, კომპანიამ სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო ავტომობილებისთვის, ასევე, გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების სამაშველო მანქანებისთვის უფასო საწვავი გამოყო. სოკარი ეხმარება იმ ადამიანებს თუ კომპანიებსაც, ვისაც მიწისძვრით დაზარალებულებისთვის პროდუქტის, ან ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა სურს. სოკარის ტერმინალი მათ უფასო მომსახურებას სთავაზობს. კერძოდ, ტვირთის მიწისძვრის ზონაში გაგზავნისას, კომპანიასა თუ ფიზიკურ პირს გემზე ჩატვირთვის, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დატვირთვისა და პორტში კონტეინერების დასაწყობების გადასახადი არ დაეკისრება.
რაც შეეხება ფინანსურ მხარდაჭერას, სოკარმა დახმარების სახით AFAD-ს 6,4 მილიონი ლირა, ასოციაცია AHBAP-ს კი 2 მილიონი ლირა ჩაურიცხა. ასევე, კომპანიის ინიციატივით, შეგროვდა 500 ათასი ლირის ღირებულების ჰუმანიტარული დახმარებაც და მიწისძვრით დაზარალებულებს გაეგზავნათ წყალი, ბავშვის საფენები და საბნები. ალაიღას რეგიონში მოქმედ პოლიციის დეპარტამენტს კი ასევე 500 ათასი ლირის ღირებულების სასურსათო პროდუქტები გადაეცა. ამავე რეგიონს მიეწოდა 30 ათასი ლიტრი დიზელის ტიპის საწვავიც.
მიწისძვრით დაზარალებულებს აქტიურად ეხმარებიან SOCAR Turkey-ს თანამშრომლებიც. ისინი მოხალისეების სტატუსით აგროვებდნენ თანხას და, სულ რამდენიმე დღეში, AHBAP-ისა და AFAD-ისთვის 1 მილიონი ლირა შეაგროვეს. SOCAR Turkey-ს გუნდის წევრები ჩართულები არიან სამძებრო-სამაშველო სამუშაოებშიც.
კომპანია სოკარი რეგულარულად ამარაგებს მიწისძვრით დაზარალებულებს ცხელი და ცივი საკვებით, პურითა და მედიკამენტებით. გარდა ამისა, უზრუნველყოფს მათ ტრანსპორტირებას კლინიკებში.
ამ და სხვა აქტივობების პარალელურად, სოკარი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შესაბამისად, გვერდში დაუდგეს მიწისძვრით დაზარალებულ ადამიანებს.
(რ)