მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინედუმ ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა

ფინედუ
BM. GE
11.09.23 17:38
12
სტატიაში საუბარია:

ფინედუმ ლიტერატურული კონკურსის, "ფინანსური განათლება მხატვრულად", გამარჯვებულები დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონიას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა, რომლის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე, კონკურსის ჟიურის წევრიც იყო. 14 ფინალისტს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა, გამარჯვებულები კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, დააჯილდოვა. 

კონკურსის დასკვნითი ღონისძიება ფინედუს სამი წლის იუბილეს დაემთხვა. სწორედ 2020 წლის 9 სექტემბერს, ეროვნული ბანკის ინიციატივით, ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge ამოქმედდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ფინედუმ განვლილი სამი წელი შეაჯამა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ კონკურსის მხარდამჭერი და ჟიურის წევრი ორგანიზაციები: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები მიკრო ბიზნეს კაპიტალი და კრისტალი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ასევე სულაკაურის, დიოგენესა და გამომცემლობა ინტელექტის წარმომადგენლები.

ღონისძიების სტუმრებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ, მიმართა: "კონკურსი ჩატარდა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული და შეიძლება ითქვას, კონტრასტული სფეროების ჩართულობით - ლიტერატორები, ხელოვნების სფეროდან, უნივერსიტეტები, როგორც საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და ფინანსისტები. აღნიშნული ადასტურებს, რომ ფინანსური განათლება ისეთი მნიშვნელოვანი და აქტუალური კომპეტენციაა, რომელზე მსჯელობა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის საინტერესოა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლიტერატურული კონკურსი "ფინანსური განათლება მხატვრულად" წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს დაიწყო. ნამუშევრების მიღება ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სულ შემოვიდა 87 ნამუშევარი, საიდანაც 14 ფინალისტი და მათგან 3 გამარჯვებული შეირჩა. ჟიურის საფინანსო, საგანმანათლებლო და ლიტერატურული სფეროების პროფესიონალები წარმოადგენდნენ. ამასთან, ფინედუს საქველმოქმედო ინიციატივის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა კონკურსის 87 მონაწილის სახელით შეძენილი წიგნები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები