"ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა ყველანაირი საერთაშორისო ნორმა დაარღვია.
"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმყოფებოდა კონკრეტული მანდატით. ეს კონკრეტული მანდატი იყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ვიზიტი, რაც ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოში.
მიუხედავად იმისა, რომ მის ვიზიტს ფაქტობრივად თავმჯდომარეობის დასასრულს, არანაირი ფასი არ ჰქონდა საქართველოსთვის, მას ფასი ექნებოდა ნამდვილად, თუ ის ჩამოვიდოდა საქართველოში იანვარში, თებერვალში, წლის დასაწყისში, როდესაც ფინეთის თავმჯდომარეობის დღის წესრიგი ჯერ კიდევ წინ იყო. როდესაც წლის ბოლოს, მაშინ, როდესაც თავმჯდომარეობის თვე-ნახევარი გაქვს დარჩენილი, რამდენად აზრიანია ეს ვიზიტი, კითხვის ნიშანი შეიძლება დავსვათ.
მიუხედავად ამისა, საქართველოს პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის პრინციპებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ხელი არ შეგვიშლია ამ ვიზიტის განხორციელებაში, პირიქით, ხელი შევუწყეთ ამ ვიზიტის განხორციელებას და ქალბატონი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს სამხრეთ კავკასიის ტურის ფარგლებში ეწვია, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა.
მან რეალურად, დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ნორმა და წესი, რაც მოქმედებს, როდესაც თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობს ნებისმიერ მონაწილე ქვეყანას ეუთოს ფარგლებში. 57 მონაწილე ქვეყანაა, ჩვენი რეაქცია იყო დიპლომატიის ჩარჩოებში, ჩვენ არ დაგვიწყია კომენტარების გაკეთება ქუჩიდან და ვიდეოების ატვირთვა სოციალურ ქსელში. ჩვენ ვიმოქმედეთ იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებშიც მოქმედების შესაძლებლობას იძლევა საერთაშორისო წესები. გაგზავნილი იქნა ნოტა, რომელიც მიიღო ეუთოს ყველა მონაწილე ქვეყანამ", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.
14 და 15 ოქტომბერს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი, რომელიც ამავდროულად ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია. ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ის შეუერთდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას. 15 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აქციაზე მისვლის გამო, ირაკლი კობახიძემ მასთან შეხვედრა გააუქმა, თუმცა შემდეგ ვალტონენმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პრემიერთან შეხვედრა თავად გააუქმა, რადგან ბაქოში გამგზავრება მოუწია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე მისვლის გამო დააჯარიმა.




























