ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ მიმდინარეობს ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც ფინტექ (საფინანსო-ტექნოლოგიურ) კომპანიებს საშუალებას მისცემს ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის IBAN ანგარიშები დამოუკიდებლად გახსნან.
ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ფინტექ კომპანიებს კლიენტებისთვის IBAN (International Bank Account Number) ანგარიშების გასახსნელად შუამავლის სახით კომერციული ბანკების გამოყენება უწევთ, რაც ზღუდავს მათი განვითარების შესაძლებლობებს და ართულებს მომსახურების პროცესს.
„ვიზიარებთ იმ მიდგომას, რომ ფინტექკომპანიებსაც უნდა ჰქონდეთ IBAN ანგარიშის გახსნის საშუალება. დღეს არის საკანონმდებლო მოწყობა, რომელიც ამის საშუალებას არ იძლევა, თუმცა გვაქვს საგადახდო სისტემების კანონპროექტი, რომელიც შემუშავებულია და უკვე დაწყებულია მთავრობასთან მისი განხილვები.
ეს კანონპროექტი ითვალისწინებს ფინტექ კომპანიებისა და საგადახდო სისტემების პროვაიდერებისთვის IBAN ანგარიშების გახსნას. აღნიშნულ კანონპროექტში შედის ღია ბანკინგის ის ნაწილი, რომელიც საშუალებას მისცემს არასაბანკო კომპანიებს წვდომა ჰქონდეთ საბანკო ანგარიშებთან“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ზემოხსენებული ინიციატივა ხელს შეუწყობს ბაზარზე კონკურენციის განვითარებას და საშუალებას მისცემს ფინტექ კომპანიებს უფრო მეტად განავითარონ თავიანთი სერვისები, რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ტრანზაქციებს დაჩქარებას, გაიაფებასა და გამარტივებას შეუწყობს ხელს.