მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIS-ის გენერალური მდივანი და უცხოელი ექსპერტები სვანეთს ესტუმრნენ

64bbb7743d21c
BM.GE
22.07.23 15:00
421

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალური მდივნის მიშელ ვიონის საქართველოში ვიზიტის შედეგად, მთის ტრასების სააგენტოს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას (FIS) შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია სვანეთში ოთხსეზონიანი სასწავლო /საწვრთვნელი ბაზების პროექტზე მუშაობის დაწყება.

უცხოელმა ექსპერტებმა სვანეთის მთები მოინახულეს და კურორტის პოტენციალი შეაფასეს. ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და კომპანია სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი. 

„სვანეთს უდიდესი პოტენციალი აქვს სპორტული და ტურისტული მიზიდულობის თვალსაზრისით. მრავალი თაობის ოცნება იყო, რომ სვანეთი ოთხსეზონიანი, უმაღლესი ხარისხის კურორტი გამხდარიყო და ძალიან მიხარია, რომ მუშაობა დაწყებულია, იმისთვის რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციასთან (FIS) გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სვანეთში, უშბაზე, ოთხსეზონიანი FIS - ის სასწავლო საწვრთვნელი ბაზების განვითარების პროექტზე მუშაობის დაწყებას. ამას წინ უძღოდა ფედერაციის პრეზიდენტის, იოჰან ელიაშის და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა, რომლის დროსაც საუბარი იყო ევროპის მყინვარებზე თოვლის ნაკლებობის თაობაზე. იმის გამო, რომ მყინვარები დნება, საერთაშორისო სათხილამურო ნაკრებებს წვრთნებისთვის, აპრილიდან ოქტომბრამდე, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში უწევთ ფრენა, რაც ძვირიც არის, შორიც და ეკოლოგიისთვისაც დამაზიანებელი.

აქედან გამომდინარე, შეიქმნება ერთგვარი ალტერნატივა, სადაც უფრო იაფად, ქუთაისის აეროპორტიდან, სპორტსმენებს, სპორტის მოყვარულებს და ტურისტებს, ექნებათ შესაძლებლობა მთელი წლის განმავლობაში ესტუმრონ სვანეთს. სწორედ ეს შეხვედრა იყო კარგი იმპულსი, რის შედეგადაც გაფორმდა მემორანდუმი.“ - გიორგი რამიშვილი

პროექტის პირველი ეტაპი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს. მომდევნო ეტაპია სვანეთის ინფრასტრუქტურული განვითარება, ჩამოსული სტუმრებისთვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად.

FIS – ის გენერალურ მდივანთან და სპეციალისტებთან ერთად მოვინახულეთ მყინვარები, უშბა და თეთნუდი. აღფრთოვანებულები არიან სვანეთის პოტენციალით. პროექტის პირველ ეტაპზე ჩასატარებელია სერიოზული ეკონომიკური და ტექნიკური კვლევები, იმისათვის რომ სწორად მოხდეს გარემოს ათვისება და განვითარება.

დარწმუნებული ვარ, რომ სვანეთი, ჩვენი ქვეყნის მარგალიტი, უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მიმზიდველი და მრავალფუნქციური, მაღალი ხარისხის კურორტი გახდება, რასაც ნამდვილად იმსახურებს მესტია და მისი მთები. მიხარია, რომ სილქნეტი ორ ათეულ წელზე მეტია ზრუნავს ზამთრის სპორტის განვითარებაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე საქართველოში“ - განაცხადა „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი რამიშვილმა.

სილქნეტი დაარსების დღიდან საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი და მთავარი მხარდამჭერია. საქართველოს ისტორიაში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის, „ბაკურიანი 2023“- ის წარმდგენიც კომპანია სილქნეტი იყო. მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებულად ჩატარების შემდეგ, საქართველო მოინიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში. 2023-2024 წლების ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება. სვანეთის განვითარების პროექტის შედეგად კი, კიდევ ერთი ოთხსეზონიანი სპორტულ-ტურისტული ლოკაცია გაჩნდება მსოფლიოსთვის.

 

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები