მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FIS-მა დაადასტურა, რომ ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურა ხარისხიანად გაკეთდა - „მთის ტრასების სააგენტო“

637c931b0e797
მარიამ დემეტრაშვილი
22.11.22 22:30
909
ბაკურიანი თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს თებერვალში უმასპინძლებს. მთის ტრასების სააგენტოში ამბობენ, რომ ჩემპიონატის გასამართად საჭირო ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე დასრულებულია, მათ შორის ორი ხელოვნური წყლის რეზერვუარი, რომლებმაც ხელოვნური გათოვლიანების 29-კილომეტრიანი სისტემა წყლით უნდა მოამარაგოს.

როგორც მთის ტრასების დირექტორმა, ირაკლი ბურჭულაძემ BMG-სთან საუბრისას თქვა, ბაკურიანი ჩემპიონატის ღირსეულად დასახვედრად უკვე მზად არის.

„2023 წლის ჩემპიონატისთვის აქტიური მზადება მიმდინარეობს. უკვე დავასრულეთ ორი ხელოვნური წყლის რეზერვუარის მშენებლობა, ჯამური მოცულობით 307 000 კუბური მეტრი. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია და მზად არის, რომ დაიწყოს წყლით შევსება. ეს ტბები ხელოვნური გათოვლიანების სისტემას საჭირო რაოდენობის წყლით მოამარაგებს. სისტემის მშენებლობა მალე დასრულდება და მოემსახურება სამივე არეალს - დიდველს, კოხტას და მიტარბს. ჩემპიონატს ღირსეულად დავხვდებით. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ბოლო ინსპექციამ ამას ბეჭედი დაუსვა. მათ აღნიშნეს, რომ ხარისხიანად განხორციელდა ის ინფრასტრუქტურა, რა ვალდებულებაც ჩვენ გვქონდა“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, წელს 6 ახალი საშეჯიბრო ტრასა მოეწყო, მათ შორის ოთხი დიდველზე, ორი კი კოხტაზე. რაც შეეხება საბაგიროებს, მათი მშენებლობა 2020 წელს კომპანია „დოპელმაიერ გარავენტა ჯგუფმა“ უზრუნველყო. ჩემპიონატის მონაწილეებს სულ ხუთი საბაგირო მოემსახურება.

ვიზიტორები, რომლებიც ბაკურიანს ჩემპიონატის პერიოდში ესტუმრებიან, სრიალს მიტარბის არეალში შეძლებენ, რადგან დიდველი და კოხტა მათთვის ნაწილობრივ შეზღუდული იქნება.

„შეჯიბრებები ძირითადად დიდველზე იქნება კონცენტრირებული. კოხტის მხარეს ორი საშეჯიბრო დისციპლინა იმართება და ნაწილობრივ არის ჩართული. ხოლო მიტარბი სრულად დაეთმობათ იმ ვიზიტორებს, რომლებიც ჩემპიონატის ფარგლებს გარეთ ჩამოვლენ“, - თქვა ბურჭულაძემ.

„მთის ტრასების სააგენტოში“ ამბობენ, რომ ამ ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც სტიმულის მიმცემი იქნება.

„ეს სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც ბაკურიანისთვის იქმნება, მხოლოდ ჩემპიონატისთვის არ არის, ეს ათწლეულების განმავლობაში დარჩება ბაკურიანს. ეს ერთი მხრივ დაეხმარება კურორტის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ სპორტსმენებს, რომლებსაც ასეთი სტანდარტის ტრასები სჭირდებათ. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ 2018 წელს გადაწყვიტა, რომ ჩემპიონატი ჩატარებულიყო არა რომელიმე გამოცდილ ქვეყანაში, არამედ საქართველოში. ეს არის ისტორიული შანსი, რადგან ამ ჩემპიონატის ხარისხიანად ჩატარების შემდეგ სხვა საერთაშორისო ღონისძიებებიც დაისტარტება ჩვენს ქვეყანაში. გარდა ამისა, ეს ჩვენნაირ ქვეყნებს მისცემს სტიმულს, რომ მათაც სცადონ ბედი და განავითარონ სამთო-სათხილამურო კურორტი“, - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები