მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფისკალური რისკების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ სახელმწიფო საწარმოები რჩება - აუდიტის მოხსენება

სახელმწიფო საწარმოები

აუდიტის სამსახურმა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ რჩება სახელმწიფო საწარმოები, რაც ძირითადად დაკავშირებულია მათ უარყოფით ფინანსურ შედეგებთან. მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ საწარმოთა ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე, რაც გარკვეულ შემთხვევებში ფუნქციონირების ხარჯების ან/და ვალდებულებების დაფარვას ხმარდება. ამასთანავე, საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არ ხდება ინფორმაციის წარმოდგენა საწარმოების მიერ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მოცულობის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიზით, 2023 წელს ხუთი სამინისტროს კონტროლს ქვეშ მყოფმა საწარმოებმა სახელმწიფო ბიუჯეტის „ხარჯების“ მუხლიდან ჯამურად 522 მლნ ლარი მიიღეს. აღნიშნული თანხიდან 406.9 მლნ ლარი კაპიტალური პროექტების დაფინანსებას მოხმარდა. თანხის დარჩენილი ნაწილი (64.3 მლნ ლარი) კი ცალკეული აქტივობების სუბსიდირებაზე, კომპანიების ფუნქციონირების ხარჯების ან/და მათ ბალანსზე რიცხული ვალდებულებების დაფარვაზე მიიმართა.

"აღსანიშნავია, რომ საწარმოთა ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რეგულარულად მიღებულ დაფინანსებაზე, რაც გარკვეულ შემთხვევებში ფუნქციონირების ხარჯების ან/და ვალდებულებების დაფარვას ხმარდება. ამასთანავე, საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არ ხდება ინფორმაციის წარმოდგენა საწარმოების მიერ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მოცულობის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ფისკალური გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის, მიზანშეწონილია, სახელმწიფო საწარმოების მიერ (სექტორიზაციის გათვალისწინებით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია, დაფინანსების მიზნობრიობის ჩათვლით, წარმოდგენილი იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში. აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინა ანგარიშშიც", - წერია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო საწარმოთა ყოვლისმომცველი რეფორმის ფარგლებში, სამთავრობო სექტორს მიეკუთვნა 325 საწარმო (მათ შორის, 167 ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ქვეშ იმყოფება). რეფორმის თანახმად, აღნიშნული საწარმოები ეტაპობრივად უნდა გადავიდნენ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრამდე ხაზინის მომსახურებაზე უნდა გადავიდეს არანაკლებ 5 საწარმო, 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივლისამდე - არანაკლებ 160 საწარმო, ხოლო 2026 წლის 1 იანვრამდე - ყველა დარჩენილი საწარმო.

როგორც აუდიტის მოხსენებაშია აღნიშნული, 2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე გადაყვანისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია ერთი საწარმოსთვის, გადაყვანის პროცესი მიმდინარეობს კიდევ ერთი საწარმოსთვის, ხოლო დანარჩენი საწარმოების რიგითობა განსაზღვრული არ არის.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 60 საწარმოს ჯამური შემოსულობები 1.98 მლრდ ლარს, ხოლო გადასახდელები 2.11 მლრდ ლარს შეადგენს. შემოსულობების 79% (1.39 მლრდ ლარი) მობილიზებული იქნა 4 საწარმოს მიერ, რომელთა გადასახდელები თავის მხრივ (1.46 მლრდ ლარი) განხილული 60 საწარმოს ჯამური გადასახდელების 68%-ს უტოლდება. განხილული საწარმოების კონტრიბუცია ბიუჯეტის დეფიციტში 232 მლნ ლარს შეადგენს. ინდივიდუალურად კი 23 საწარმოს ბიუჯეტის ბალანსი დადებითია, სამის - ნულია, ხოლო დანარჩენი 34-ის - უარყოფითი. ორგანიზაციებში ჯამში მომუშავეთა რიცხოვნობა 11,991 ადამიანს შეადგენს, საიდანაც 50%-ზე მეტი 3 საწარმოზე მოდის.

აუდიტის მოხსენებაში ისიც წერია, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ქვეშ მყოფი, სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 167 საწარმოდან 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ინფორმაცია წარმოდგენილია მხოლოდ 60 საწარმოს შესახებ.

"საყურადღებოა, რომ იმ საწარმოებიდან, რომელთა მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა არ მომხდარა, სამი განეკუთვნება საზოგადოებრივი დაინტერესების პირს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია ანგარიშში წარმოდგენილი საწარმოების რაოდენობა, მონაცემთა სისრულე ისევ არსებით გამოწვევად რჩება. ასევე საყურადღებოა მონაცემების ხარისხისა და სიზუსტის საკითხი. კერძოდ, 2023 წლის ფინანსურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროსთვის გაგზავნილი მონაცემები 60 საწარმოდან 44-ის შემთხვევაში, განსხვავდება უშუალოდ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში ასახული ინფორმაციისგან. აღნიშნულის მიზეზებს კი ფინანსთა სამინისტროს მიერ მონაცემებში იდენტიფიცირებული ხარვეზები ან/და თავად საწარმოების მიერ ინფორმაციის შემდგომი დაზუსტება წარმოადგენს.

შესაბამისად, საწარმოების მიერ წარდგენილ ინფორმაციასთან მიმართებით არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად ვერ უზრუნველყოფს მათ მიერ ზუსტი და სრული ინფორმაციის წარდგენას. ფისკალურ პარამეტრებზე პოტენციური გავლენის მასშტაბის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების მიერ დამატებითი ყურადღება გამახვილდეს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენი ინფორმაციის სისრულისა და სიზუსტის გაუმჯობესების საკითხებზე. საწარმოებიდან, რომელთა მიერ ფინანსთა სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა არ მომხდარა", - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები