საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან' "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა.
საერთაშორისო სააგენტო წერს, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა. "შიდა მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდეს მიგრანტებმა, ასევე მკვეთრად გაიზარდა და პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა", - წერია ანგარიშში.
Fitch-ის საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მიმდინარე წელს 4.5%-მდე ელის, რისი მიზეზიც რუსეთიდან ფინანსური ნაკადების თანდათან შემცირება იქნება, ასევე სააგენტოს პროგნოზით, შესუსტდება საგარეო მოთხვნა.
რაც შეეხება 2024 წელს, საერთაშორისო სააგენტოს პროგნოზითვე, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ით ზრდა არის მოსალოდნელი.
საქართველოს მთავრობა მიმდინარე წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ერთი პროცენტული პუნქტით აღემატება ქვეყნის ცენტრალური ბანკის პროგნოზსს. რაც შეეხება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკის 4%-იან ზრდას პროგნოზირებს, ყველაზე პოზიტიური მოლოდინები კი აზიის განვითარების ბანკს აქვს, ADB-ის ანალიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.