საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ი მიმდინარე წელს საქართველოში 8.7%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის, რომელიც მომდევნო წლებში შედარებით ნაკლები იქნება და 2025 წელს უკვე 5.3%-მდე, ხოლო 2026 წელს 5%-მდე შენელდება. ამის შესახებ Fitch-ის განახლებულ შეფასებაშია აღნიშნული, სადაც ქვეყნის პერსპექტივა გაუარესებულია.
კერძოდ, Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივას "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა. ეს მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის ივნისში "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" გააუარესა.
აღსანიშნავია, რომ ივნისის შეფასებასთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაუმჯობესებულია. აქამდე Fitch-ი საქართველოში 2024 წელს 5.8%-იან, ხოლო 2025-2026 წლებში - საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდას ელოდა.
საქართველოს "BB" რეიტინგის ფაქტორების ნაწილში სააგენტო ეკონომიკურ ზრდას გამოყოფს. მაჩვენებელი იანვარ-ოქტომბერში 10% იყო.
"შედარებით კარგად დივერსიფიცირებული ეკონომიკა, სავარაუდოდ, მდგრადი იქნება მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის მიმართ",- წერია ანგარიშში და ასევე არის მითითება უკრაინაში ომის ფონზე მიგრაციის ეფექტზე, რომელიც ზრდის განგრძობადი სტიმული იყო და Fitch-ის მიერ ეს ეფექტი 4.5%-ად არის შეფასებული.
სარეიტინგო სააგენტოს თანახმად, ინფლაცია 2025 წელს 2.1%, ხოლო 2026 წელს 2.3% იქნება. ინფლაციის ზრდის მიმართულებით რისკად ლარის უფრო მკვეთრი გაუფასურებაა დასახელებული. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ინფლაციამ საშუალოდ 1% შეადგინა, რაც დაბალია სებ-ის მიზნობრივ 3%-იან ნიშნულზე, ძირითადი მიზეზი კი ადგილობრივი ფასების სუსტი ზრდაა.
ამასთან, Fitch-ის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეროვნული ბანკი რეფინანსირების 8%-იან ნიშნულზე არსებულ განაკვეთს კიდევ შეამცირებს.