სარეიტინგო სააგენტო "Fitch"-მა "საქართველოს რკინიგზის" საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შეამცირა, ამასთან ორგანიზაციამ რეიტინგი უცვლელად "BB-“ დონეზე დაადასტურა.
Fitch-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თანხვედრაშია საქართველოს სახელმწიფოს საკრედიტო რეიტინგის მოლოდინის გაუარესებასთან, რადგანაც რამდენიმე დღის წინ ორგანიზაციამ სახელმწიფოს სუვერენული რეიტინგის მოლოდინი "სტაბილურიდან" "ნეგატიურამდე" შეამცირა, რაც 2024 წლის განმავლობაში უკვე მეორე შემცირებაა, რადგანაც ზაფხულში რეიტინგის მოლოდინი "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე" შემცირდა. ამასთან, Fitch-მა უცვლელად დატოვა სახელმწიფოს რეიტინგი და ის კვლავ "BB" დონეზე შეინარჩუნა.
Fitch-ი აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზა, როგორც საქართველოში სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და სარკინიგზო სერვისების მთავარი მიმწოდებელი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, ამიტომაც მის რეიტინგს სახელმწიფოს სუვერენულ რეიტინგზე ერთი საფეხურით დაბლა ინარჩუნებენ.
ძირითადი ფაქტორები, რომლებმაც გავლენა მოახდინა გადაწყვეტილებაზე
-
სახელმწიფოს მხარდაჭერა:
"Fitch" ხაზს უსვამს საქართველოს რკინიგზის კრიტიკულ როლს საქართველოს ეკონომიკურ სტრუქტურაში და მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს რკინიგზის დეფოლტი სახელმწიფო რეპუტაციისთვის სერიოზულ რისკს შექმნიდა და შესაძლოა გამოეწვია სესხების აღების ხარჯების ზრდა სახელმწიფოსა და სხვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ორგანიზაციებისთვის. -
ფინანსური მაჩვენებლები:
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის ფინანსური პროფილი ძლიერია, EBITDA-ს ზრდის პროგნოზით 2024 წელს 230 მლნ ლარამდე (2023 წელს - 168 მლნ ლარიდან). -
საკრედიტო ვალდებულებები:
GR-ის 500 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაცია, რომელიც 2028 წელს უნდა დაიფაროს, კომპანიის ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რაც მას რეფინანსირების და სავალუტო რისკების წინაშე აყენებს. თუმცა, GR-ის შემოსავლების სტრუქტურა, რომელიც ძირითადად აშშ დოლარსა და შვეიცარიულ ფრანკში გამოიხატება, ბუნებრივად აზღვევს ამ რისკებს. -
ოპერაციული მაჩვენებლები:
GR-ის ოპერაციული ეფექტიანობა დამოკიდებულია გარე ეკონომიკურ ფაქტორებზე და პერსონალის ხარჯებზე, რომლებიც საოპერაციო ხარჯების თითქმის ნახევარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გეგმავს ოპერაციების გატარების ოპტიმიზაციას, სტრუქტურული გამოწვევები კვლავ რჩება.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2024 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 490 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 26%-ით, 75.4 მილიონ ლარამდე შემცირდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგების შემცირება ძირითადად საკურსო სხვაობით მიღებულ 17 მილიონი ლარის ზარალს უკავშირდება.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზამ მასში დასაქმებული 12 ათასი ადამიანის ხელფასზე 171.7 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 48 მილიონი ლარი იყო, ელექტროენერგიის, საწვავისა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯი 63 მილიონ ლარს შეადგენდა, სხვა ხარჯები კი 108 მილიონი ლარი იყო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, საქართველოს რკინიგზის აქტივები 2.6 მილიარდ ლარს შეადგენს, ვალდებულებები კი 1.64 მილიარდი ლარია. კომპანიის ვალდებულებებს შორის უმსხვილესი 2021 წელს გამოშვებული 500-მილიონიანი ევროობლიგაციებია.