საკრედიტო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "ნეგატიურიდან" "სტაბილურამდე" გააუმჯობესა.
2024 წლის ივნისში Fitch-მა საქართველოს პერსპექტივა "პოზიტიურიდან" "სტაბილურამდე", ხოლო დეკემბერში, გაზრდილი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, "ნეგატიურამდე" შეამცირა. წინა, მაისის შეფასებაში კი Fitch-მა შეფასება უცვლელად დატოვა.
2025 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული უახლესი ანგარიშის თანახმად, პერსპექტივის გადახედვა იმას უკავშირდება, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საერთაშორისო რეზერვები, ასევე გაუმჯობესებულია ტურიზმიდან შემოსავლები და ფულადი გზავნილები.
"მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის ოქტომბრის მინიმუმთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბრის ბოლოს ყველა დროის მაქსიმუმს - 5.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მიმდინარე ანგარიშის 2.8 თვის გადახდების ეკვივალენტურია. გაუმჯობესება ასახავს ცენტრალური ბანკის მიერ წლის დასაწყისიდან 1.6 მილიარდი აშშ დოლარის შესყიდვებს და ოქროს ფასების ზრდას (322 მილიონი აშშ დოლარი). ზრდაში ასევე წვლილი შეიტანა ტურიზმიდან მიღებულმა მაღალმა შემოსავლებმა (2025 წლის 1-3 კვარტალში 5.1%-იანი წლიური ზრდა) და ფულადმა გზავნილებმა (2025 წლის იანვარ-ოქტომბერში 7.1%-იანი წლიური ზრდა), ბანკების სავალუტო დეპოზიტებზე სარეზერვო მოთხოვნების გამკაცრებამ და დედოლარიზაციის უფრო ფართო ტენდენციამ",- წერია შეფასებაში.
მიუხედავად ამისა, სარეიტინგო სააგენტო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო ბუფერები მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით დაბალია. Fitch-ი ვარაუდობს, რომ საერთაშორისო რეზერვები 2026-2027 წლებში მიმდინარე ანგარიშის საშუალოდ 2.6 თვის დონეზე სტაბილიზდება (3.2 თვე რეექსპორტის გამოკლებით), თუმცა ეს მაინც გაცილებით დაბალი იქნება 2025 წლის მიმდინარე „BB“ რეიტინგის საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც 4.8 თვეა.
სააგენტო, ასევე, აღნიშნავს საგარეო მოწყვლადობის შემცირებას, რაც ბოლო წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას გულისხმობს და თავის მხრივ გამოწვეულია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან გზავნილების გააქტიურებით.
"საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი განახევრდა და 2022-2024 წლებში საშუალოდ 4.4%-ს მიაღწია, 2015-2019 წლებში მშპ-ს საშუალო წლიური 9%-ის ნაცვლად. ამას ხელი შეუწყო რუსეთიდან 2022-2023 წლებში განხორციელებულმა ერთჯერადმა მსხვილმა კერძო ფულადმა გზავნილებმა. თუმცა, Fitch-ის აზრით, ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტის მნიშვნელოვანი და სავარაუდოდ მდგრადი ზრდა შეინიშნება, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მოგზაურობის, ფინანსური მომსახურებისა და განათლების სექტორებში. ამგვარად, სავარაუდოდ, 2025-2027 წლებში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ს 5%-თან ახლოს დასტაბილურდება (კვლავაც 2-ჯერ მეტი, ვიდრე ამჟამინდელი „BB“ მედიანა 2.4%-ია).
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ წმინდა საგარეო ვალი 2027 წლისთვის მშპ-ს 36.2%-დან 32%-მდე შემცირდება, რაც კვლავ მნიშვნელოვნად აღემატება პროგნოზირებულ 13.4%-იან „BB“ მედიანას, ჩვენი საბაზისო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის პროგნოზების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) შემოდინების აღდგენისა და შედარებით სტაბილური გაცვლითი კურსის გათვალისწინებით.",- წერია შეფასებაში.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, Fitch-ი საქართველოში 2025 წელს 7.3%-იან, 2026 წელს 5.3%-იან და 2027 წელს 5%-იან ზრდას ელის. ეს გაუმჯობესებული პროგნოზია, ვინაიდან აქამდე სააგენტო პროგნოზირებდა, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2026 წელს 5.2%-ით.
Fitch პროგნოზით, 2026-2027 წლებში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს - საშუალოდ 3.2% იქნება, ხოლო რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დარჩება 8%-ზე.




























