ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამო ახლო აღმოსავლეთში საჰაერო სივრცეების დახურვის ფონზე, ფრენების მონიტორინგის ვებგვერდები უფრო აქტუალური ხდება, რადგან ომს ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით საჰაერო სივრცეების დახურვა მოჰყვა, ათასობით რეისი კი გაუქმდა, გადაიდო ან მარშრუტი შეიცვალა.
მართალია, ავიაციის ენთუზიასტები ფრენებს შესაძლოა ყოველდღე აკვირდებოდნენ, მაგრამ ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილისთვის ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Flightradar24 და FlightAware, აქტუალური მხოლოდ კრიზისული სიტუაციების დროს ხდება.
28 თებერვალს, ირანზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, ასობით ათასი ადამიანი ადევნებდა თვალს, როგორ ტოვებდნენ თვითმფრინავები დახურულ საჰაერო სივრცეებს.
ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა ორშაბათს, 2 მარტს, როდესაც არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩარჩენილი მგზავრების გაყვანა დაიწყო - დუბაიდან მუმბაის მიმართულებით ერთ რეისს თითქმის 140 000 ადამიანი აკვირდებოდა. ინტერნეტმომხმარებლები თვალს ადევნებდნენ კრიშტიანუ რონალდუს ფრენასაც საუდის არაბეთიდან ესპანეთში, მას შემდეგ, რაც ომის გამო აზიის ჩემპიონთა ლიგის მატჩები შეჩერდა.
Flightradar24-ის მონაცემებით, 28 თებერვლის შემდეგ ვებგვერდის ტრაფიკი კვირაში 100%-ით გაიზარდა და ბოლო სამ დღეში ფრენებს 25 მილიონი ადამიანი აკვირდებოდა.
როგორ მუშაობს ფრენების მონიტორინგი?
მთავარი ტექნოლოგია, რომელიც ამისთვის გამოიყენება, არის ADS-B (Automatic Dependent Surveillance-Broadcast - დამოკიდებული თვალთვალის ავტომატური მაუწყებლობა).
კომერციული თვითმფრინავების უმეტესობა ADS-B ტრანსპონდერებითაა აღჭურვილი, რომლებიც ინფორმაციას თვითმფრინავის ადგილმდებარეობის შესახებ გასცემენ.
ტრანსპონდერებიდან გაგზავნილ სიგნალებს მიწაზე არსებული მიმღებები იჭერენ, ეს მონაცემები კი Flightradar24-ის, FlightAware-ისა და სხვა მსგავსი საიტების ქსელებს გადაეცემა.
Flightradar24, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ქსელი აქვს, გლობალურად 50 000-მდე მიმღებს ფლობს. ქსელში ჩართვა უფასოდ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუ ისეთ ლოკაციაზე იმყოფება, სადაც დაფარვა არასაკმარისია.
მიწისზედა მიმღებებთან ერთად გამოიყენება ADS-B სატელიტებიც, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა ოკეანის თავზე ფრენების დროს.
ძველი ტრანსპონდერების მქონე თვითმფრინავებისთვის Flightradar24 იყენებს მულტილატერაციას (MLAT). ის ზომავს დროს, რომელიც თვითმფრინავიდან სიგნალის მიღებას სჭირდება.
MLAT-ის მუშაობისთვის საჭიროა, რომ სიგნალი ოთხმა ან მეტმა მიმღებმა დაიჭიროს. თითოეულ მიმღებამდე სიგნალის მისვლას შორის დროის სხვაობის გამოთვლით, სისტემა თვითმფრინავის პოზიციას ადგენს.
ვინაიდან MLAT-ს მრავალი მიმღები სჭირდება, დაშორებულ რეგიონებში ის არ მუშაობს. ასევე, თვითმფრინავი გარკვეულ სიმაღლეზე უნდა იმყოფებოდეს, რის გამოც დაფრენის ან აფრენის დროს რეისები შესაძლოა რუკიდან მოულოდნელად გაქრეს.
იმ შემთხვევაში, თუ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემი არ არის ხელმისაწვდომი, საიტები სავარაუდო ადგილმდებარეობას დანიშნულების ადგილის მიხედვით ითვლიან.
როგორ მოქმედებს GPS-ის "ჩახშობა" მონიტორინგზე
GPS-ის ჩახშობას სამხედროები ადგილმდებარეობის ზუსტი დადგენის თავიდან ასაცილებლად მიმართავენ.
მარტივად რომ ვთქვათ, ჩამხშობი მოწყობილობა სიგნალებს იმავე სიხშირეზე უშვებს, რაზეც GPS მუშაობს, რაც სისტემას ტვირთავს და რეალური სიგნალის მიღებას შეუძლებელს ხდის.
Flightradar24-ის ცნობით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ჩახშობის შემთხვევები გახშირდა. ეს მეთოდი ასევე გამოიყენება უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს, ასევე ისრაელის მიერ ღაზასა და ლიბანში.
ეს ნიშნავს, რომ ვებგვერდებზე ფრენის ტრაექტორია შესაძლოა არაზუსტი იყოს, რის გამოც ზოგჯერ უცნაური, ზიგზაგისებური ან წრიული მარშრუტები ჩანს.
ზოგიერთ ფრენაზე გავლენას ახდენს GPS-ის "სპუფიგიც" (გაყალბება), როდესაც მოწყობილობა ყალბ სიგნალს უშვებს და აჩვენებს, თითქოს ობიექტი სხვაგან იმყოფება და არა იქ, სადაც სინამდვილეშია.




























